ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებისა და დაცვის მხარეების მტკიცებულებათა დასაშვებლობაზე სხდომა მიმდინარეობს. ერთმანეთის მტკიცებულებების დაუშვებლობას ითხოვს როგორც ბრალდება, ასევე დაცვის მხარე.

როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე ბრალდებულების ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, დაცვის მხარის მტკიცებულებები ადასტურებს ბრალდებულების უდანაშაულობას.

რაც შეეხება ბრალდების მტკიცებულებებს, სამუშიას თქმით, მათი მტკიცებულებები უარგუმენტოა.

"დაცვის მხარის შუამდგომლობები არის სამართლებრივი იმპერატიული მოთხოვნებიდან გამომდინარე და ველოდებით, რომ სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ბრალდების შუამდგომლობებს, მე მას ვუწოდებ ბრალდების სურვილს, რომ ჩვენი მტკიცებულებები იყოს დაუშვებლად ცნობილი, ვინაიდან მას სამართლებრივი პოზიცია და არგუმენტები არ გააჩნია. ბრალდების მტკიცებულებები არის დადგენილებები და სხვა რიგი მტკიცებულებები, რომლებიც კანონის დარღვევით არის მოპოვებული. ბრალდების მხარე ითხოვს ჩვენი ექსპერტიზის დაუშვებლობას, რომლითაც მტკიცდება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უდანაშაულობა", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

საქმის მასალებიდან გამომდინარე, ე.წ. კაბელების საქმე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი ოქტომბერში დააკავეს. მათ ბრალად 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან "თავისუფალი დემოკრატების" წევრებიც.