ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს სჭირდება ძალიან კვალიფიციური ბრალდება და დაცვა

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს სჭირდება ძალიან კვალიფიციური ბრალდება და დაცვა

ვერ ვიტყვით, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა ვერ გაამართლა, უბრალოდ ამ სისტემას კიდევ კვალიფიციური ბრალდებისა და დაცვის მხარეები სჭირდება , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იურისტმა ლია მუხაშავრიამ, იმ ფაქტის შეფასებისას განუცხადა, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულებმა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოახერხეს.

მუხაშავრიას თქმით, ადამიანი, რომელიც პირველად მოხვდა ნაფიცი მსაჯულის სკამზე, წნეხს ვერ უძლებს და პასუხისმგებლობას ვერ იღებს, თუმცა ამ ჩიხური სიტუაციის შექმნის მიზეზი და პრობლემა მთლიანად სისტემა უფრო არის, ვიდრე რიგითი მსაჯულები.

"კონკრეტულად ამ საქმეს არ ვიცნობ, მაგრამ ჯერჯერობით ნაფიცმა მსაჯულებმა რა საქმეც განიხილეს, დაცვამ ყველა წააგო. მსჯავრდებულებმა და პირებმა, რომლებიც უმძიმეს დანაშაულში არიან ბრალდებულნი, თავისი საქმის გადაწყვეტა ნაფიც მსაჯულებს მიანდეს. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს გამართლების იმედი ჰქონდათ, თორემ ასეთ პროცესზე არ წავიდოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა შემთხვევა დაცვის მარცხით დამთავრდა. ახლა გვაქვს საკვანძო მომენტი, როდესაც ნაფიცებმა ვერდიქტის გამოტანაზე უარი თქვეს. მე ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პრობლემა ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობის, რომ ის ვერ უზრუნველყოფს ვერც მსაჯულთა იმგვარ დამოუკიდებლობას, რომ მათ აიღონ თავის თავზე პასუხისმგებლობა და ვინმე გაამართლონ. ამიტომ, ვერ გეტყვით, რომ ვერ გაამართლა ამ ინსტიტუტმა, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს კიდევ სჭირდება ძალიან კვალიფიციური ბრალდება და ძალიან კვალიფიციური დაცვა, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში არ გვყავს. ანუ არც პროკურატურა და არც ადვოკატურა არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ, სასამართლოზე რომ არაფერი ვთქვათ. ყველაფერი ეს შემდეგ ქმნის ამ ჩიხურ სიტუაციას, როდესაც რიგითი მოქალაქეები, ნაფიცი მსაჯულის სტატუსით ხვდებიან, რომ არ არიან უნარიანი, გადაწყვეტილება მიიღონ. რა თქმა უნდა, ეს მთლიანად სისტემის პრობლემა უფრო არის, ვიდრე ნაფიცი მსაჯულების მხოლოდ. უბრალოდ ადამიანი, რომელიც პირველად მოხვდა ნაფიცი მსაჯულის სკამზე, ამ წნეხს ვერ უძლებს, პასუხისმგებლობას ვერ იღებს და გადაწყვეტილებას ვერ იღებს. კარგია, რომ ეს ახლა მაინც გამოვლინდა, იმიტომ რომ მე მეგონა, რომ წინა პროცესებზევე იჩენდა თავს", - განაცხადა მუხაშავრიამ.

რაც შეეხება გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან, მუხაშავრიას თქმით, საკითხს კომპლექსურად უნდა შევხედოთ.

"მთავრობა ახლა ალაპარაკდა პროკურატურის რეფორმაზე, როდესაც ეს გასაკეთებელი იყო დიდი ხნის წინ. ასევე ბევრი გასაკეთებელია ადვოკატების კვალიფიკაციის და პროფესიონალიზმის ასამაღლებლად, თუმცა მთავარია სასამართლო და მისი დამოუკიდებლობა და მოუკერძოებლობა", - დასძინა ლია მუხაშავრიამ.

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს 12:00 საათზე ჩანიშნა და აღნიშნულ საქმეზე განხილვა ხელახლა დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა კვლავ ვერ მოახერხებს ვერდიქტის მიღებას, მაშინ გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება. თუმცა, გიორგი ოქროპირიძემ შესაძლოა, საპატიმრო დაწესებულება მანამდე დატოვოს, რადგან პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურება.