"უნიანი" - პრორუსი მებრძოლები ნაღმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან ისვრიან

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში "ბოევიკებმა" ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების პოზიციებზე იერიში 40-ჯერ მიიტანეს. ამის შესახებ "უნიანი" ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრზე დაყრდნობით იტყობინება. 

გავრცელებული ცნობით, პრორუსი მებრძოლები ნაღმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან ისვრიან, რაც მინსკის შეთანხმებას ეწინააღმდეგება. 

უკრაინული არმიის ცნობით, ყველაზე მძიმე ვითარება დონეცკშია. 

"საარტილერიო დანადგარებიდან და ნაღმტყორცნებიდან ისვრიან პესკის, ბერეზოვის, პერვომაისკის, ოპიტნეს, ბოგდანოვკას, ბუტოვკისა და ნოვობახმუტოვკას ტერიტორიაზე, ვითარება განსაკუთრებით მძიმე რჩება მარინკას ტერიტორიაზე, მტერმა ჩვენ წინააღმდეგ ცეცხლი ყუმბართმტყორცნებიდან და მცირე შეიარაღებიდან გახსნა", - წერია ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის განცხადებაში. 

მათივე ცნობით, ზოგიერთ ადგილას ტანკებიდანაც ისვრიან. ამას გარდა, დაიძაბა ვითარება ლუგანსკშიც. ნოვოტოშკოვსკოეს დასახლებაში "ბოევიკებმა" ნაღმტყორცნებიდან გახსნეს ცეცხლი. უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილით იერიშები შედარებით შესუსტდა. მანამდე კი დაიღუპა ხუთი უკრაინელი სამხედრო და ათობით პრორუსი მებრძოლი.