ირლანდიის ფეხბურთის ასოციაცია ფიფა-სთან კორუფციული გარიგების შესახებ იტყობინება

ირლანდიის ფეხბურთის ასოციაცია ფიფა-სთან კორუფციული გარიგების შესახებ იტყობინება

ფიფა-მ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციას 5 მილიონი ევრო გადაუხადა, რათა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის გამო ასოციაციისთვის სასამართლოში არ ეჩივლა. ამის შესახებ "ბიბისი" ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციაზე დაყრდნობით იტყობინება. 

2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე ირლანდია-საფრანგეთის შეხვედრისას გადამწყვეტი გოლი ფრანგმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ ხელით გაიტანა, შედეგად ირლანდია ჩემპიონატს გამოეთიშა. დუბლინი ამის გამო ჩივილს აპირებდა, თუმცა ფიფა-მ საქმის აღძვრის თავიდან აცილების მიზნით, ქრთამი გადაიხადა. ეს კიდევ ერთი საქმეა ფიფა-ს წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაში. 
კერძოდ, აშშ-ის საგამოძიებო ორგანოები ფიფა-ს ხელმძღვანელ პირებს ქრთამის სახით ბოლო 24 წლის განმავლობაში 150 მილიონ დოლარზე მეტი თანხის აღებაში ადანაშაულებს. პარალელურად, ფიფა-ს ხელმძღვანელების წინააღმდეგ შვეიცარიელმა პროკურორებმაც აღძრეს საქმე. ისინი 2018 და 2022 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის ადგილის არჩევის დროს უკანონო ქმედებებზე საუბრობენ. აღნიშნულ საქმეებში სულ 14 პირი ფიგურირებს, შვიდი მათგანი გასულ კვირას შვეიცარიის ქალაქ ციურიხში დააკავეს. თუმცა, საქმეში არ ფიგურირებს თავად ფიფა-ს პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, რომელიც აგორებული სკანდალის გამო, რამდენიმე დღის წინ გადადგა.