"თავისუფალი დემოკრატები" თბილისის ისტორიულ ნაწილში "გაუაზრებელი მშენებლობების" წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან

"თავისუფალი დემოკრატები" დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში "გაუაზრებელი მშენებლობების" წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა, ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა, სამწუხაროდ, დღითიდღე სულ უფრო ნათელი ხდება, რომ თბილისის მერს და თბილისის მთავრობას არ აქვს კომპეტენცია, შეიმუშავოს ქალაქის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია და გეგმა.

"არ აქვს არც შესაძლებლობა, არც კომპეტენცია და პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ გაუმკლავდეს ყოველდღიურ პრობლემებს. ჩვენ ყველას გვახსოვს, ქალაქის მერი არჩევნებში გამარჯვებამდე გვპირდებოდა მოსახლეობას, რომ შეწყდებოდა ყოვლად გაუაზრებლად საჯარო სივრცეების განადგურება, ხეების გაჩეხვა და გაუაზრებლად ახალ-ახალი კორპუსების მშენებლობა, მაგრამ ეს მანკიერი პრაქტიკა, ყოვლად საზიანო ქალაქისთვის არ შეწყდა. ჩვენ ვხედავთ, რომ აბანოთუბანში შენდება ახალი, მაღალი საცხოვრებელი კორპუსები, ვხედავთ, რომ ძველ თბილისში, ისტორიულ ნაწილში ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო შენდება, ახლა უკვე ვხედავთ, რომ ქეთევან წამებულის გამზირზე, სკვერში, აპირებენ კორპუსის მშენებლობას", -განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს არის ყოვლად დაუშვებელი.
პეტრიაშვილის განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატები" იზიარებენ მოქალაქეების დიდი ნაწილის შეშფოთებას და განრისხებას და უერთდებიან აქციას, რომელიც დაგეგმილია დღეს და ხვალ.

"დღეს, ჩვენს ხმას შუვერთდებთ იმ საპროტესტო აქციას, რომელიც ქეთევან წამებულის გამზირზე, ამ სკვერში კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგება. 6 ივნისს კი იქნება მსვლელობა აბანოთუბნის მიმართულებით, სახელწოდებით "SOS თბილისი" და ჩვენ ვიქნებით იქ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად", - განაცხადა პეტრიაშვილმა.