საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ ჩინჩალაძე სასამართლოში კორუფციის საფრთხეზე მიუთითებს, - აღნიშნული განცხადება მიხეილ ჩინჩალაძემ გუშინ სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" მიმდინარე "მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის შესახებ" დიალოგის ფარგლებში გააკეთა.
შეხვედრას ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და მოსამართლეები თბილისის საქალაქო, თბილისის სააპელაციო, მცხეთის, ბოლნისის, რუსთავის, ახალციხის, ახალქალაქისა და ხაშურის სასამართლოებიდან.
კორუფციის საფრთხესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის გაცხადებამ დამსწრეთა ნაწილში ხმაური და უკმაყოფილება გამოიწვია. ნინო გვენეტაძემ მის მოადგილეს კონკრეტული ფაქტების დასახელება მოსთხოვა, თუმცა, მიხეილ ჩინჩალაძეს კონკრეტულ ფაქტებზე არ უსაუბრია. მოგვიანებით მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ არსებობს გარემოებები და ნიშნები, რომლებიც სასამართლოში კორუფციის შესვლის საფრთხეზე მიუთითებენ.
"მე ნამდვილად არ ვარ პროკურორი, რომ კონკრეტულ საქმეებზე გესაუბროთ, მაგრამ არის რამდენიმე ნიშანი და რაღაც გარემოებები, რომლებიც მიუთითებს ამ საფრთხეზე. მე ვფიქრობ ეს იქნება დამღუპველი, რადგან რეალურად სასამართლო კორუფციის გარეშე იყო ის მთავარი მიღწევა, რომელიც მოხერხდა, რომ ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში მიღწეულიყო. ეს თუ დაირღვა, ყველანაირ პროგრესსა და ყველანაირ რეფორმაზე საუბარი სასაცილო იქნება. მე გვარებს ვერ დავასახელებ, მაგრამ არის რაღაც გარემოებები, არის რაღაც ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ სასამართლოში კორუფციის შემოსვლის საფრთხე ძალიან მაღალია. თბილისშიც არის და რეგიონებშიც", - აღნიშნა მიხეილ ჩინჩალაძემ.
მისივე თქმით, საუბარი არის ერთი წლის პერიოდზე. ჟურნალისტების შეკითხვებზე, ჰქონდა თუ არა ამასთან დაკავშირებით მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან საუბარი, ჩინჩალაძემ უპასუხა, რომ რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოადგილეა, კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონია.
რაც შეეხება მედიის წარმომადგენლების შეკითხვას, ჰქონდა თუ არა საფრთხეებზე საუბარი ყოფილ თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილთან, მიხეილ ჩინჩალაძემ უპასუხა, რომ წინა თავმჯდომარესთან უფრო გახსნილი ფორმატი იყო.
"იმ რისკებზე თვითონაც ძალიან გულმოდგინედ მუშაობდა, რომ ასეთი პრობლემები სასამართლოში არ შემოსულიყო", - აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ბრალდებებს უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა კახაბერ სოფრომაძემ. მისი თქმით, რასაც იურისტი იტყვის, ის უნდა იყოს დადასტურებული. სოფრომაძის განცხადებით, თუ კორუფციის საფრთხე არსებობს, ამას კონკრეტული მტკიცებულებები სჭირდება.