„ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფით კომერციულ ბანკებს მეტი დამოუკიდებლობა მიეცემათ“

„ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფით კომერციულ ბანკებს მეტი დამოუკიდებლობა მიეცემათ“

ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საბანკო ზედამხედველობის სამსახური ცალკე უფრო ეფექტურად იფუნქციონირებს, ვიდრე ეროვნული ბანკის შემადგენლობაში.

ივანიშვილმა ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის, ვინც გამოყოფის შედეგად კომერციული ბანკებისთვის საფრთხის შექმნაზე საუბრობს, ამ საკითხში ვერ ერკვევა.

„ვინც ამ განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ საინვესტიციო გარემოს საფრთხე შეექმნება, ის ცუდად აცნობიერებს და ცუდად ესმის რა ცვლილებები იგეგმება პარლამენტში. პირიქით, კომერციულ ბანკებს უფრო მეტი დამოუკიდებლობა მიეცემათ. ისინი ვეღარ გახდებიან, თუ ასეთი არსებობს, მე არ ვამტკიცებ, პოლიტიკური თამაშების მსხვერპლნი ეროვნული ბანკის მხრიდან“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, საბანკო ზედამხედველობის სამსახური ცალკე უწყებად არსებობდა, თუმცა ის ერთ პიროვნებას - ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს მიაბეს.

„ქადაგიძე, რომელიც ამ კომერციული ბანკების ზედამხედველობის სააგენტოს სამსახურის უფროსი გახლდათ, როდესაც ეროვნულ ბანკში გადაიყვანეს, მიაყოლეს და მიაბეს ესეც ამ ერთ კაცს. ეს მოხდა თორემ, საქართველოში ეს სამსახური ცალკე არსებობდა“, - განაცხადა ივანიშვილმა. 

აქვე მან აღნიშნა, რომ კითხვის ნიშნები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ეფექტურია არსებული სისტემა. მისივე ვარაუდით,  შესაბამისი მტკიცებულებებიც მოპოვებული იქნება.