პროკურორები და გამომძიებლები გადამზადებას გაივლიან

პროკურორები და გამომძიებლები გადამზადებას გაივლიან

პროკურორები და გამომძიებლები გადამზადებას გაივლიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, დღეს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორებისთვის და გამომძიებლებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებთან შესაბამისობის თემაზე ტრენინგი ჩატარდა.

"ტრენინგი ორდღიანია და სწავლების იმ პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ექსპერტის, ევროკავშირის პროექტის კონსულტანტის ჯერემი მაკბრაიდის მონაწილეობით 2014 წელს დაიწყო. სწავლების მეორე ეტაპი 2014 წლის 2-4 მარტს სტრასბურგში ევროპის საბჭოში სასწავლო ვიზიტის დროს განხორციელდა", - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, 2015 წლის ივნისსა და ივლისში გადამზადებას 400-ზე მეტი პროკურორი და გამომძიებელი გაივლის.

"სწავლების მიზანია აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის დასაბუთებულობის, მოქმედი პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. პროგრამა, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროექტების "სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" და "მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში" მხარდაჭერით ხორციელდება", - ნათქვამია განცხადებაში.