„ზოგიერთ საბრძოლო პროდუქტზე მუშაობა ჯერ კიდევ საიდუმლო რეჟიმში მიმდინარეობს“

„ზოგიერთ საბრძოლო პროდუქტზე მუშაობა ჯერ კიდევ საიდუმლო რეჟიმში მიმდინარეობს“

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო-სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ იმყოფებოდა. მან „დელტას“ მიერ წარმოებული 15 ახალი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების პროდუქცია დაათვალიერა.

როგორც ცენტრის დათვალიერების შემდეგ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცენტრში არის ძალიან დიდი კაპიტალი, ვინაიდან „დელტაში“ ქართული პროდუქცია იწარმოება.

"მინდოდა ყველაფერი თქვენთვის მეჩვენებინა, ვინაიდან, ყოველთვის, როცა საუბარი იყო იმაზე, თუ რას საქმიანობს „დელტა“, რას აკეთებენ, რომ ახალი არაფერი შექმნილა, მე გეტყვით, რომ დღეს 15 ახალი უნიკალური პროდუქტი დავათვალიერეთ. ჩვენ ვხედავთ უნიკალურ პროდუქციას, რომელიც სიახლეა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის, არამედ, მსოფლიოში ასეთი რამდენიმე ანალოგია. ეს არის საინტერესო პროდუქცია, მაგალითად უპილოტო ვეტმფრენი, რომელსაც საბრძოლო და სადაზვერვო ფუნქციის დანიშნულება აქვს. ამას გარდა, არის ქართული საბრძოლო ავტომატები და სხვა პროდუქტები, რომლებიც ჯერ კიდევ არ გაგვისაჯაროებია იმიტომ, რომ ამ პროდუქტებზე მუშაობა ჯერ კიდევ საიდუმლო რეჟიმში მიმდინარეობს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან დიდი კაპიტალი, ვინაიდან აქ ქართული პროდუქცია იწარმოება“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, „დელტაში“ გამორჩეულად ნიჭიერი, გენიოსი ადამიანები მუშაობენ. პრემიერმა „დელტას“ თანამშრომლებს და უფროსს უჩა ოძუაშვილს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი სახელმწიფო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს სამრეწველო პროუქციის ამ დარგის განვითარებას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს არის მეტად საჭირო საქმე სახელმწიფოსთვის. იცით, რომ ასევე სუ 25-ების წარმოება გრძელდება. ამ მიმართულებით გვაქვს გეგმები და სიახლეები, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ. ვმუშაობთ სხვა მოდელებზეც“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ის, ასევე ინფორმირებულია, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს საუდის არაბეთთან, რომელიც უდაბნოს პირობებისთვის შექმნილი ჯავშანტექნიკით იყო დაინტერესებული.

„მათ სურთ რამდენიმე ათეული ერთეულის დაკვეთა. ამას გარდა, ჩვენ წარმოვადგენთ საევაკუაციო-სამედიცინო ჯავშანტრასპორტიორს, რომელიც ასევე ქართული წარმოებისაა და ძალიან კარგი პროდუქტია. ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. ეს წარმოება არა მხოლოდ ქართული ჯარის მომარაგებაზე, არამედ ექსპორტზეც იქნება გათვლილი, რომ მოხდეს დაინტერესება და საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა "დელტას" ახალი პროდუქცია თავდაცვის მინისტრთან ერთად დაათვალიერა.