"თავისუფალი დემოკრატები" აქციას - "ვაჩუქოთ ერთი წიგნი ემიგრანტს" იწყებენ

"თავისუფალი დემოკრატების" ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაცია იწყებს საქველმოქმედო აქციას - "ვაჩუქოთ ერთი წიგნი ემიგრანტს".

როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიგა მოწყობილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აქციისთვის ბიბლიოთეკის შექმნა "ვეფხისტყაოსნით" დაიწყო. ბათუმელი ახალგაზრდები შეგროვილ წიგნებს "ბერძნულ-ქართული კულტურის ასოციაციას" და უცხოეთში მოღვაწე ქართველ ემიგრანტებს გადასცემენ.

"ვიცით, რომ "ბერძნულ-ქართული კულტურის ასოციაციის" პედაგოგები უსასყიდლოდ მართავენ გაკვეთილებს მშობლიურ ენასა თუ სხვა საგნებში. ამიტომ, გვინდა აქციის პირველ ეტაპზე სწორედ მათ გავუწიოთ დახმარება. ასევე, გვინდა დავეხმაროთ ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც ცხოვრობენ უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში და მოწყვეტილნი არიან ქართულ გარემოს. ჩვენს აქციაში ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მივიჩნევთ პატარა ემიგრანტებისთვის სასწავლო ლიტერატურისა და სახელმძღვანელოების შეგროვებას. სიმბოლურად, პირველი წიგნი, რომლითაც დავიწყეთ ბიბლიოთეკის შექმნა, არის ქართული კულტურის საგანძური - "ვეფხისტყაოსანი", - აღნიშნა გიგა მოწყობილმა.

"თავისუფალი დემოკრატები" ბათუმელებს მოუწოდებენ, მივიდნენ პარტიის ოფისში და მიიტანონ წიგნები.