პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის ვახტანგ ხმალაძისათვის ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყებს, ან განახორციელებს თუ არა პარლამენტი არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლას.
როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სულ მცირე, რაც პარლამენტმა უნდა გააკეთოს, არის ერთმანდატიანი საარჩევნო ოქლების გამოთანაბრება, შესაძლებლობების ფარგლებში. ხმალაძის თქმით, "დანარჩენი რა გამოვა, ამ ეტაპისათვის უცნობია, რადგან პოზიციები სხვადასხვაგვარია".
ამ კონტექსტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ყურადღებას მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლისა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე ამახვილებს, რაც თავის მხრივ, საკონსტიტუციო ცვლილებებს იწვევს. ხმალაძის თქმით, მაჟორიტარული სისტემის მომხრეები არიან როგორც უმრავლესობაში, ასევე სავარაუდოდ, ოპოზიციაშიც და "ვიდრე არ იქნება მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება იმის თაობაზე, თუ როგორ სისტემით უნდა მოხდეს არჩევა და ამ სისტემას არ ეყოლება 113-ი, ან მეტი მხარდამჭერი პარლამენტში, საკითხის დასმა და ინიცირების პროცესის დაწყება, აზრს კარგავს".
ხმალაძე ხაზგასმით აცხადებს, მხარდაჭერის საკითხი, პარლამენტში შესაბამისი პროექტის ინიცირებამდე უნდა იყოს გადაწყვეტილი.
"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემას არ ეხება. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქები, ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობის თანაზომადი უნდა იყოს და შეძლებისდაგვარად, თანასწორი. ეს აუცილებელი არ არის მიბმული იყოს ქვეყნის ადმინისტრაციულ დაყოფაზე, ანუ სრულებით არ არის აუცილებელი - ერთი მუნიციპალიტეტი ერთი საარჩევნო ოლქი, რაც ნიშნავს იმას, რომ ოლქების თანაბრობის უზრუნველსაყოფად, შესაძლებელია ოლქის საზღვრები მუნიციპალიტეტის საზღვრებს არ დაემთხვეს – იყოს გადაფარვა, ან ორი ან სამი მუნიციპალიტეტი ერთ საარჩევნო ოლქში გაერთიანდეს. ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი და სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ უარი ითქვას მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე. ეს არის ის მინიმუმი, რაც პარლამენტმა უნდა გააკეთოს. თუკი საარჩევნო სისტემა არ შეიცვალა, მაშინ კანონით უნდა განისაზღვროს თავად ოლქები, ან კანონში პრინციპი ჩაიწეროს, რომლის მიხედვითაც ოლქები შეიქმნება და შემდგომ ცესკომ ამ პრინციპების შესაბამისად საარჩევნო ოლქები დაყოს. მხოლოდ ამ გზით თუ წავედით, ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისში საარჩევნო ოქლები გაიზრდება და თბილისი აირჩევს არა ათ, არამედ ათზე მეტ პარლამენტის წევრს – სულ ცოტა ეს უნდა იყოს 13-14 წევრი მაინც. ამ შემთხვევაშიც კი, თბილისის ერთი საარჩევნო ოლქი იქნება უფრო დიდი, ვიდრე თბილისს გარეთ საარჩევნო ოლქები, რადგან ბოლო არჩევნების მიხედვით, თბილისში აღრიცხულია 900 000-ზე მეტი ამომრჩეველი", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ვახტანგ ხმალაძემ.
ამასთან, ხმალაძის ცნობით, პირადად ის და "რესპუბლიკელები" მიიჩნევენ, რომ პარლამენტის 150-ვე მანდატი რეგიონულ-პროპორციული წესით უნდა გადანაწილდეს.
"ბევრი ამბობს, რომ თავად საარჩევნო სისტემა ანდა შეიცვალოს. "რესპუბლიკელი" ამას ვამბობთ იმ დროიდან, როცა პირველი საარჩევნო კანონი იწერებოდა. ამის შემდეგ პოზიცია არ შეგვიცვლია. ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნები უნდა იყოს პროპორციული, რადგან მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების ადეკვატურ გამოხატვას. პროპორციული სისტემები სხვადასხვაგვარია. აქ შეხედულებები სხვადასხვაგვარია – ნაწილს მიაჩნია, რომ უნდა იყოს ერთიანი პროპორციული სია. არის მეორე ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ უნდა იყოს ე.წ. რეგიონულ-პროპორციული სიები. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი საქართველო იყოფა რამდენიმე მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქად და თითოეულ ოლქს მანდატების იმდენი რაოდენობა მიეცემა, რამდენიც მას პროპორციულად ეკუთვნის და შემდგომ ყველა სუბიექტი პარტიულ სიებს, ოღონდ ეს იქნება მოკლე სიები, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში ცალ-ცალკე წარადგენს. ჩვენ, "რესპუბლიკელებს" მიგვაჩნია, რომ ყველაზე უკეთესი სწორედ ეს სისტემა იქნება, რადგან დაცული იქნება პროპორციულობის პრინციპი - ვისაც რამდენი ამომრჩეველი უჭერს მხარს პროპორციულად იმდენ მანდატს მიიღებს და ასევე ეს სისტემა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, გათვალისწინებული იყოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემისათვის დამახასიათებელი ნიშანი, როცა ამომრჩეველი უფრო ახლოს ხედავს მის მიერ ასარჩევ პირს. გარდა ამისა, არის პარტიების მოთხოვნა, რომ პარლამენტის წევრთა ნახევარის არჩევა მოხდეს ერთიანი პროპორციული სიების მიხედვით და ნახევარი რეგიონულ-პროპორციული სიებით აირჩეს. ამ შემთხვევაში სხვა პრობლემა ჩნდება - ჩვენ გვაქვს მცირე ოლქები, მაგალითად როგორიცაა გურია ან რაჭა-ლეჩხუმი, სადაც მანდატების გადანაწილებისას პროპორციულობის დაცვა იმის გამო ვერ მოხერხდება, რომ პატარა ერთეულს შეიძლება სულ ორი ან სამი მანდატი შეხვდეს. როცა გასანაწილებელი მანდატი ცოტაა, მაშინ პროპორციულობა იკარგება, მაგრამ როდესაც რეგიონულ-პროპორციული წესით 150 მანდატს გადაანაწილებ, ამ შემთხვევაში, გურიაში ხუთმანდატიანი ოლქები მაინც გვექნება. "რესპუბლიკელები" მივიჩნევთ, რომ პარლამენტის 150-ვე მანდატი რეგიონულ-პროპორციული წესით უნდა გადანაწილდეს", - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.