პრემიერის ინფორმაციით, კვლევითი ინსტიტუტების საბჭოები ხელმძღვანელს თვითონ აირჩევენ

პრემიერის ინფორმაციით, კვლევითი ინსტიტუტების საბჭოები ხელმძღვანელს თვითონ აირჩევენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის და დიმიტრი შაშკინის დროს კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებად თვითონ ნიშნავდნენ ისეთ ადამიანებს, რომელთაც არავითარი შეხება არ ჰქონდათ არც მეცნიერებასთან და არც კვლევით დაწესებულებებთან.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მას საუბარი ჰქონდა პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელ ვანო კიღურაძესთან და პარლამენტი მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც დაარეგულირებს კვლევითი ინსტიტუტების შესახებ საკითხს.

"ვგულისხმობ იმას, რომ კვლევითი ინსტიტუტების საბჭოები თვითონ აირჩევენ ხელმძღვანელს. ეს, მე მგონი, პროგრესულია და დემოკრატიული. ევროპაში, აშშ-ში, ყველა ცივილიზებულ სამყაროში ასე ხდება. ჩვენთან იყო ასე სააკაშვილის და შაშკინის დროს, რომ თვითონ ნიშნავდნენ ადამიანებს, რომელთაც არავითარი შეხება არ ჰქონდათ მეცნიერებასთან, არც კვლევით დაწესებულებებთან. ასე რომ, ეს არის შესაცვლელი. რაც მთავარია, გაჩნდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ის პირები, რომლის მიხედვითაც ის პირები, რომლებიც უკვე არიან დანიშნული, ხუთი წლის ვადის გასვლის შემდეგ მოხდება მათი ხელახალი არჩევა, თუ რა თქმა უნდა, სამეცნიერო საბჭო აირჩევს მათ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამის შემდეგ პრემიერმა ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს. როგორც თამარ სანიკიძემ განმარტა, ის კანონპროექტს იცნობს და განათლების სამინისტროს ასევე ჰქონდა საუბარი ვანო კიღურაძესთან. როგორც თამარ სანიკიძემ აღნიშნა, გარკვეული შენიშვნები აქვთ იმ თვალსაზრისით, რომ ამ კანონპროექტში რამდენიმე ტექნიკური ნაწილი არ არის და ეს კარგად უნდა იყოს დარეგულირებული.

"მაგალითად, როდესაც საუბარია, რომ საბჭომ უნდა აირჩიოს დირექტორი და შემდეგ მინისტრმა დაამტკიცოს, აღარ არის რეგულაცია, თუ მინისტრი არ ამტკიცებს მაშინ რა ხდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რამდენად მიზანშეწონილი იქნება ეს ისეთი კვლევითი დაწესებულებისთვის, როგორიც არის სამხედრო ხასიათის, იმიტომ რომ ისინიც ანალოგიურ მდგომარეობაში არიან. ასევე არის ისეთი კვლევითი დაწესებულებების შემთხვევებიც, რომლებიც სუფთა კვლევითი დაწესებულებები არ არიან და მათ აქვთ დიდი სამუზეუმო ნაწილი, როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრია", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მისივე თქმით, პრინციპი მისაღებია, თუმცა ტექნიკური ნაწილის დახვეწაზე საუბარი გაგრძელდება.