აშშ-ში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ გეგეშიძემ და საპატიო სტუმრებმა სიტყვით მიმართეს. მიღებას ესწრებოდა 600-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის, აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წევრები, ვაშინგტონში აკრედიტებული სხვა ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები, აკადემიური სფეროს მოღვაწეები, საქართველოს ამერიკელი მეგობრები და აშშ-ის ქართული დიასპორის წევრები.
საქართველოს ელჩმა სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის დამოუკიდებლობისა და საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიების საპატიო სტუმარმა, აშშ-ის საზღვაო ძალების მდივანმა რეი მეიბუსმა თავის სიტყვაში ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მიერ გაწეულ მნიშვნელოვან წვლილზე.
ნიუ-იორკის შტატის დემოკრატი კონგრესმენი ენგელი, თავის გამოსვლაში, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ მისი ნებით, ალიანსის წინაშე არსებული დამსახურებების გამო, საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა დიდი ხნის წინ გახდებოდა.
სპეციალურად ღონისძიებისთვის საქართველოდან აშშ-ში ჩავიდა გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია. მისი განცხადებით, საქართველო, ბოლო ათწლეულებში გადატანილი ომებისა და ბრძოლების მიუხედავად, მაინც ძლიერად დგას ფეხზე, რაც ასევე ჩვენი პარტნიორების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების დიდი დამსახურებაცაა. საქართველოზე, როგორც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორ ქვეყანაზე ისაუბრა ფონდის ვიცე პრეზიდენტმა მეთიუ ბონმა.
ოფიციალური ცერემონიის ბოლოს, აშშ-ში ქართული კინოს პოპულარიზაციის და ქართული ფილმების რეტროსპექტივის ორგანიზების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს ელჩმა ღირსების ორდენები გადასცა Berkley-ის ხელოვნების მუზეუმისა და Pacific Film-ის არქივის ფილმების კურატორს, სუზან ოქსტობის და ეროვნული გალერეის ფილმების დეპარტამენტის დირექტორს, მარგარეტ პარსონს. MoMa-ს ფილმების დეპარტამენტის კურატორისათვის, ჯიტ ჯენსისათვის (რომელიც ერთი თვის წინ გარდაიცვალა) განკუთვნილი ღირსების ორდენი გადაეცა MoMa-ს წარმომადგენელს, დენიელ ხერსს.
საღამოზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნები თბილისიდან საგანგებოდ ჩასულმა თეატრალურმა კვარტეტმა და ანსამბლმა "ალილომ" შეასრულეს. ღონისძიებაზე ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ჯაზის შემსრულებლის გიორგი მიქაძის ჯგუფის კონცერტი გაიმართა.