ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს კაპიტალური ხარჯების კოორდინაცია დაავალა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის ინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დაავალა, სამინისტროებისა და რაიონების ბიუჯეტის კაპიტალური ნაწილის ხარჯვას კოორდინაცია გაუწიოს.
"მინდა, ბატონ გიორგის ვუთხრა, როგორც ვიცე-პრემიერს და ეკონომიკური გუნდის კოორდინატორს, რომ ხარჯვით ნაწილს გაუწიოს კოორდინაცია. ძალიან მკაცრად უნდა გავაკონტროლოთ თითოეული სამინისტროს ხარჯები და არამარტო სამინისტროების, არამედ რაიონების. თუ რომელიმე რაიონს აქვს ჩამორჩენა, უნდა ჩავეძიოთ ბოლომდე, რატომ მოხდა ეს, რის გამო და მივიღოთ შესაბამისი ზომები", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილს.
ამასთან, პრემიერმა, ფინანსთა მინისტრსაც მოუწოდა, აღარ მოხდეს თანხების გამოყოფა იმ რაიონებისთვის, რომლებიც უკვე არსებული ფინანსების ათვისებას ვერ ახდენენ.