ფიფა-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ჩაკ ბლეიზერი აღიარებს, რომ მან და კომიტეტის სხვა აღმასრულებელმა პირებმა 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ადგილად სამხრეთ აფრიკის არჩევის სანაცვლოდ ქრთამი აიღეს. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
ბლაზერის თქმით, ქრთამის მიღების პროცესში იყო ჩართული 1998 წლის ჩემპიონატის ადგილის შერჩევის დროსაც.
აშშ-ის საგამოძიებო ორგანოები ფიფა-ს ხელმძღვანელ პირებს ქრთამის სახით ბოლო 24 წლის განმავლობაში 150 მილიონ დოლარზე მეტი თანხის აღებაში ადანაშაულებს. პარალელურად, ფიფა-ს ხელმძღვანელების წინააღმდეგ შვეიცარიელმა პროკურორებმაც აღძრეს საქმე. ისინი 2018 და 2022 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის ადგილის არჩევის დროს უკანონო ქმედებებზე საუბრობენ. აღნიშნულ საქმეებში სულ 14 პირი ფიგურირებს, შვიდი მათგანი გასულ კვირას შვეიცარიის ქალაქ ციურიხში დააკავეს. საქმეში არ ფიგურირებს თავად ფიფა-ს პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, რომელიც აგორებული სკანდალის გამო რამდენიმე დღის წინ გადადგა.