ირაკლი ღარიბაშვილი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კატეგორიული წინააღმდეგია

ირაკლი ღარიბაშვილი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კატეგორიული წინააღმდეგია

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კატეგორიული წინააღმდეგია. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა , ეს იქნება საქართველოს ნარკოპოლიტიკის აბსოლუტურად გადახედვა.

"მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე პირადად მე მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს და გუნდში, ვიცი, რომ ამ საკითხზე საერთო აზრი არ არის. ეს იქნება ჩვენი ნარკოპოლიტიკის აბსოლუტურად გადახედვა. ამიტომ შედეგებს სჭირდება ძალიან კარგი გააზრება. ახალგაზრდები ამ საკითხზე ემოციურად საუბრობენ, მაგრამ ეს არის ძალიან პრინციპული თემა. ჩვენ ვალდებულები ვართ, სავალალო შედეგებზე დავფიქრდეთ და გავიაზროთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მომავალი თაობისთვის სავალალო შედეგებს მოიტანს.

"ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ შევუქმნათ ახალგაზრდებს ბედნიერი მომავალი. უნდა ვიფიქროთ მათი ჯანსაღი ცხოვრების წესზე და არა მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე, რასაც შემდგომ შესაძლოა, მოჰყვეს მისი ლეგალიზაციის მოთხოვნა და საბოლოოდ მივიღებთ მომავალი თაობებისთვის სავალალო შედეგებს. სამწუხაროა, რომ საზოგადოება არ საუბრობს მთის განვითარებაზე, დემოგრაფიის საკითხებზე, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს და საუბრობენ იმაზე, რომ თავისუფლად მოსწიონ ქუჩებში მარიხუანა. ვისაც სურს, თუ ასე ძალიან უნდათ, ეს მოუწოდონ თავიანთ შვილებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ მარიხუანას პირველ მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ არის გათვალისწინებული და ამ შემთხვევაში კანონმდებლობა პირისთვის 500-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.