სამართლებრივად უკრაინა არ არის უფლებამოსილი მოახდინოს სააკაშვილის ექსტრადირება

სამართლებრივად უკრაინა არ არის უფლებამოსილი მოახდინოს სააკაშვილის ექსტრადირება

სამართლებრივად, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი გახდა უკრაინის მოქალაქე, უკრაინა კონსტიტუციის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი მოახდინოს მისი ექსტრადირება სხვა ქვეყანაში, - ამის შესახებ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, უკრაინის მოქალაქის ექსტრადირება არ ხდება. "ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 4 საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული, რომელთა განხილვა მიმდინარეობს სასამართლოში. უკრაინის გენერალურ პროკურატურას რამდენჯერმე მივმართეთ, საიდანაც მივიღეთ უარი. ვინაიდან სააკაშვილმა მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად უკრაინის მოქალაქის ექსტრადირება არ ხდება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკრაინა დღესდღეობით უკვე თავის მოქალაქის ექსტრადირებას საქართველოში არ მოახდენს, რადგან ეს არის კონსტიტუციური პრინციპი. თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს მოქალაქეებისთვის ასეთი გარანტია, მათ შორის საქართველოშიც. სამართლებრივად, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი გახდა უკრაინის მოქალაქე, უკრაინა კონსტიტუციის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი მოახდინოს მისი ექსტრადირება სხვა ქვეყანაში", - განაცხადა შოთაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი დღეს იმყოფება სახელმწიფოთაშორის ძებნაზე, რაც გულისხმობს ყოფილ დსთ-ს ქვეყნებში ძებნას. "რაც შეეხება ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნას, ამის თაობაზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ მიმართა ინტერპოლის ეროვნულ ბიუროს, თუმცა გადაწყვეტილება მის წითელი ცირკულარით ძებნაზე დაყენებასთან დაკავშირებით არ არის მიღებული", - აღნიშნა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ.