ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით დავალებებს ძირითადად მერაბიშვილი და ადეიშვილი გასცემდნენ

ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით დავალებებს ძირითადად მერაბიშვილი და ადეიშვილი გასცემდნენ

საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით დავალებებს ძირითადად ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი გასცემდნენ.

როგორც შოთაძემ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში განაცხადა, გამოძიება ამ მიმართულებით მიმდინარეობს და რაც დადგინდება, პროკურატურა შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

"ჩვენ დღევანდელ ბრიფინგზეც განვაცხადეთ, რომ იყო სისტემური მიდგომა და დავალებები მომდინარეობდა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან. ამ შემთხვევაში საუბარია ორი სტრუქტურის ხელმძღვანელების მხრიდან – საქართველოს პროკურატურის და შს მინისტრის მხრიდან და რა თქმა უნდა გამოძიება ამ მიმართულებით გრძელდება. საუბარია იმჟამინდელ მინისტრ ვანო მერაბიშვილზე და ყოფილ იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე, რომელიც მთავარ პროკურატურის სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას სრულად განსაზღვრავდა. გამოძიებით რაც დადგინდება, რა მტკიცებულებებიც იქნება მოპოვებული, პროკურატურა მოახდენს შესაბამის რეაგირებას", - აღნიშნა შოთაძემ.

მისივე თქმით, პროკურატურამ აქამდეც განაცხადა, რომ არაძალადობრივი საქმეების გამოძიების დროს ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებზე, რომლებიც ითანამშრომლებდნენ გამოძიებასთან, პროკურატურა არ აპირებს სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებას და გამოიყენებდა დისკრეციას.

"ეს მიდგომები რა თქმა უნდა არ შეეხება უმაღლესი თანამდებობების პირებს, რომელთა მხრიდანაც მომდინარეობდა ისეთი მიდგომები, რის შედეგადაც ასეულობით და ათასეულობით საქართველოს მოქალაქის უფლებების დარღვევა განხორციელდა წლების განმავლობაში, მათ შორის მოხდა სხვადასხვა ქონების ჩამორთმევა", - აღნიშნა შოთაძემ.