გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დევნილთა ფუნდამენტური უფლებები კიდევ ერთხელ დაადასტურა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დევნილთა ფუნდამენტური უფლებები კიდევ ერთხელ დაადასტურა

გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და განამტკიცებს დევნილთა უფლებებს, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ რეზოლუციის მიღებით გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა დევნილთა ფუნდამენტური უფლებები. "რეზოლუცია ატარებს წმინდად ჰუმანიტარულ ხასიათს და იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება. ის გმობს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, განამტკიცებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ. რეზოლუცია ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემას და დაცვის აუცილებლობას", - განაცხადა დონდუამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მინისტრის პირველი მოადგილის შეფასებით, ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

დონდუას თქმით, რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას.

"აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია გაეროს გენერალურ მდივანს მოუწოდებს, ყოველწლიურად მოახსენოს გენერალურ ასამბლეას დევნილ მოსახლეობასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობის ფონზე", - განაცხადა დონდუამ.