საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ქონებრივი გარანტიების განსაზღვრის წესზე იკამათეს

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ქონებრივი გარანტიების განსაზღვრის წესზე იკამათეს

საკონსტიტუციო კომისიის ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ქონებრივი და სხვა გარანტიების განსაზღვრის წესზე იკამათეს.

სამუშაო ჯგუფმა დღეს კონსტიტუციური და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლის სპეციალისტების: ვახტანგ ნაცვლიშვილის, ვახუტში მენაბდის, კოტე ჩოკორაიას, კოკა კიღურაძის, ბესიკ ლოლაძის და დავით ლოსაბერიძის კონსტიტუციური ცვლილებების ერთობლივი ვარიანტი განიხილა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობის გარანტიების გაზრდას ითვალისწინებს.

მათ მიერ მომზადებულ პროექტში გათვალისწინებულია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებების გამიჯვნისა და ე.წ. სუბსიდირების პრინციპი, უფლებამოსილების დელეგირების წესი, ასევე თვითმმართველი ერთეულის დამოუკიდებლობის ორგანიზაციული, საკადრო, ფინანსური, ქონებრივი გარანტიები.

სამუშაო ჯგუფის წევრები ისეთ საკითხებს შეეხნენ, როგორიცაა: უფლებამოსილების დელეგირებისას ფინანსური რესურსების გადაცემისა და გაანგარიშების წესი, თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილება თავად განსაზღვროს საკუთარი სტრუქტურის მოწყობა, ადამიანური რესურსების მართვა, რაც კამათის საგანი გახდა. დისკუსია ასევე გაიმართა თვითმმართველი ერთეულისთვის ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხზე – შეთავაზებული ვერსიის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული ქონება თვითმმართველობას უნდა გადაეცეს, თუ ის არ ირიცხება სახელმწიფო საკუთრებაში, ან არ წარმოადგენს სხვის საკუთრებას.

აღნიშნულ საკითხებზე საბოლოო საგადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფმა მომდევნო სხომებზე უნდა მიიღოს.

ასევე მომდევნო სხდომისთვის გადაიდო ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა: თვითმმართველობების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევა, ანგარიშვალდებულება, სახელმწიფო ზედამხედველობა და ორგანული კანონის რეგულირების სფერო.