დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარეს მოუსმინეს

დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარეს მოუსმინეს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარეს ირაკლი ქაშიბაძეს მოუსმინეს.

სააგენტო 2014 წლის აპრილში შეიქმნა და როგორც ქაშიბაძემ განაცხადა, ამ ხნის განმავლობაში უკვე მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რომლებმაც სერიოზული წვლილი შეიტანეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

მისი თქმით, სააგენტოს პრიორიტეტია ინოვაციებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა, ინოვაციების ლაბორატორიების შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება საქართველოში არსებული სერიოზული პოტენციალის რეალიზება. ირაკლი ქაშიბაძემ ისაუბრა სასწავლო უნივერსიტეტებთან, ბიზნესთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის თაობაზე, ასევე პროექტების დაფინასების სისტემაზე და უკვე მიღებულ შედეგებზე. მისი განცხადებით, სააგენტო მოწოდებულია, რაც შეიძლება მეტი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია შეიქმნას საქართველოს ყველა რეგიონსა და ქალაქში და უფრო ფართო სპექტრი ჩაერთოს ამ პროგრამებში, რაც ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებას და ძლიერებას მოუტანს.

დღევანდელ სხდომაში მონაწილეობდნენ სასწავლო უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამხარეო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, სამეცნიერო აკადემიის და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს საქართველოში არსებული ტექნოლოგიური განვითარების პოტენციალზე. მათი შეფასებით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელსაც შეუძლია ამ პოტენციალის ქვეყნის სასიკეთოდ ამოქმედება.