"ოდესის გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნამ პოროშენკოს გადაწყვეტილებების სისწორე ეჭვქვეშ დააყენა"

გამოცემა “Financial Times”-ი უკრაინულ საკადრო ცვლილებებზე სტატიას აქვეყნებს და არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის დაწინაურებამ რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვიოს.

პუბლიკაციის ავტორის თქმით, რთულია იმის დაჯერება, რომ არ მოიძებნა კვალიფიციური ადგილობრივი, რომელიც ოდესის გუბერნატორის პოსტს  დაიკავებდა.

„ცხადია, რომ პოროშენკო მოხიბლულია სააკაშვილით და აფასებს მის გამოცდილებასა და ნიჭს. მაგრამ ასე, ერთი ხელის მოსმით გუბერნატორად დანიშვნით ჩნდება ოდესელთა შეურაცხყოფის რისკი, ასევე ჩნდება კითხვები პოროშენკოს მხრიდან სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნართან დაკავშირებით“, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორის თქმით, საქართველოს მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას, ქაოტური რეფორმატორული ენერგია გამოავლინა, რასაც თან არაპროგნოზირებადობა და არასწორი გადაწყვეტილებების მიღება ერთვოდა.

„რუსეთის ლიდერებისგან განსხვავებით, რომელთაც ის სძულთ, ასევე ზოგიერთი დასავლელი მეგობრისგან განსხვავებით, რომლებიც ოდესღაც ეპყრობოდნენ მას, როგორც უდიდეს ქართველ გმირს დავით აღმაშენებლის შემდეგ, მე არ მაქვს მყარი შეხედულებები არც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და არც მის საწინააღმდეგოდ. თუკი კუთხეში მომამწყვდევთ, ვიტყვი, რომ 2004-2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტობის დროს მან გამოავლინა შთამბეჭდავი, თუმცა ოდნავ ქაოტური რეფორმატორული ენერგია, რომელიც მან მიმართა იმისკენ, რაც, მისივე აზრით, იყო საქართველოს პროდასავლური ბედი. მისი მოდერნიზატორული აღტყინება თავს უყრიდა უკიდურეს თავდაჯერებასა და ბიზნესსკოლის დონის ინგლისური ენის ცოდნას, რასაც ერთვოდა არაპროგნოზირებადობა და არასწორი გადაწყვეტილებების მიღება, რაც ზოგჯერ წინდაუხედავობაშიც გადადიოდა. 2008 წლის ოქტომბერში მე ინტერვიუ ჩამოვართვი მას ბრიუსელში, ორ თვეში რუსეთთან ხანმოკლე ომიდან, რომლის შედეგადაც რუსეთმა პრაქტიკულად დაანაწევრა საქართველო და აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების  დამოუკიდებლობა. ის ჩვეულზე მეტად თავშეკავებული ჩანდა, ალბათ იმიტომ, რომ უცებ გონება გაუნათდა და მიხვდა, რომ რუსეთის მიერ გონივრულად დაგებულ ხაფანგში გაება, რამაც გამოიწვია კონფლიქტი“, - წერს სტატიის ავტორი

“Financial Times-ის ჟურნალისტი მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას პოროშენკოს ძალისხმევის კონტექსტში განიხილავს, რომელიც უკრაინის სხვადასხვა რეგიონსა და ეკონომიკის სექტორებში კონტროლის განმტკიცებისკენ არის მიმართული.

„ახლა კი მის კარიერაში ძალიან უცნაური რამ მოხდა და პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დანიშნა სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად. პრეზიდენტმა დააჩქარა ეს პროცესი, რისთვისაც მიანიჭა სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა. სააკაშვილი არ არის პირველი უცხოელი, რომელიც პოროშენკომ ჩააყენა უკრაინის სამსახურში, მაშინ, როცა ქვეყანა სამ ფრონტზე ერთდროულად იბრძვის: ეკონომიკური კრიზისი, ინსტიტუციური კორუფცია და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატიზმი დონბასის რეგიონში. ის არც პირველი ქართველია, რომელიც შეუერთდა პოროშენკოს გუნდს, 2014 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, რომლის შედეგადაც გადააყენეს ვიქტორ იანუკოვიჩი. მეორე მხირვ, ის არის პირველი უცხოელი, რომელიც დაინიშნა უკრაინის რეგიონის გუბერნატორად და სწორედ აქედან, ჩემი აზრით, მომდინარეობს ყველა პრობლემა. როგორც „კიევ-პოსტის“ ერთ-ერთმა მკითხველმა აღნიშნა, „რეფორმების საკითხებში მრჩევლად სააკაშვილის დანიშვნა დიდებული იდეაა, მაგრამ დიდწილად რუსულენოვანი რეგიონის გუბერნატორობა? არა! მდგომარეობა სულ აირევ-დაირევა. ნუთუ არ მოიძებნება კვალიფიციური უკრაინელი ამ თანამდებობისთვის?“ ცხადია, სააკაშვილის დანიშვნა უნდა განვიხილოთ პოროშენკოს ძალისხმევის კონტექსტში, რომელიც მიმართულია უკრაინის სხვადასხვა რეგიონსა და ეკონომიკის სექტორებში კონტროლის განმტკიცებისკენ, სადაც მოქიშპე ოლიგარქები ბატონობენ, სადაც კორუფცია ზეობს და სადაც მოსახლეობა ვერ ხედავს კიევის შარშანდელი რევოლუციის სარგებელს. ასევე, გასათვალისწინებელია ოდესის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა, რომელიც განლაგებულია რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და ასევე რუსეთის მიერ მოლდოვაში მხარდაჭერილ დნესტრისპირეთს შორის. სერიოზული პრობლემების პერსპექტივა ნათელი გახდა 2014 წლის 24 მაისს, როცა ოდესაში დაიღუპა 40 ადამიანი პროუკრაინულ და პრორუსულ დემონსტრანტებს შორის ატეხილი სროლის შედეგად“,-წერს გამოცემა

პუბლიკაციის ავტორი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას კანონზომიერებიდან გადახვევად აფასებს.

„მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აზრით, ეს ინციდენტი კანონზომიერებიდან გადახვევა იყო და მეტი არაფერი. ოდესაში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ზოგადად, მშვენივრად თანაარსებობენ. შავი ზღვის პორტს, ოდესას ახასიათებს განსაკუთრებული სამოქალაქო სულისკვეთება, რომელიც ენერგიულობითა და, როგორც წესი, ტოლერანტობით გამოირჩევა. სწორედ ასეთი, შთაბეჭდილება შემექმნა 1985 წლის ნოემბერში ოდესაში ვიზიტის შემდეგ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეს ქალაქი საბჭოთა კავშირში შედიოდა. მაშინ საფეხბურთო მატჩს ვაშუქებდი: ოდესის „ჩერნომორეცი“ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ, რომელმაც უფერულად ჩაიარა და ფრედ 0:0 დასრულდა. როგორც ქალაქი კი, ოდესა მართლაც დაუვიწყარი აღმოჩნდა - სილამაზე და ატმოსფერო, რომელიც ასე განსხვავებდებოდა სხვა საბჭოთა ქალაქებისგან. მისი კოლმეურნეობის ბაზარი კი სავსე იყო სხვადასხვა ხორცეულითა და პროდუქტებით და მოსკოვის ბაზრებსაც კი არ დაუდებდა ტოლს.სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოდესა ყოველთვის განსხვავებული იყო. ჩემთვის რთულია იმის დაჯერება, რომ არ მოიძებნა კვალიფიციური ადგილობრივი, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებდა. ცხადია, რომ პოროშენკო მოხიბლულია სააკაშვილით და აფასებს მის გამოცდილებასა და ნიჭს. მაგრამ ასე, ერთი ხელის მოსმით გუბერნატორად დანიშვნით ჩნდება ოდესელთა შეურაცხყოფის რისკი, ასევე ჩნდება კითხვები პოროშენკოს მხრიდან სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნართან დაკავშირებით“, - წერს ავტორი