გაეროში დღეს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს

გაეროში დღეს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე დღეს გადის რეზოლუცია "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".

რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობას, ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირთა საკუთრების უფლების დაცვის მნიშვნელობას. იგი გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდებს, დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად ძალისხმევა გაააქტიურონ. ამასთან, რეზოლუცია გაერო-ს გენერალურ მდივანს ავალდებულებს, დევნილი მოსახლეობის ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესახებ გენერალურ ასამბლეას ყოველწლიურად მოახსენოს.

გენერალურმა ასამბლეამ მსგავსი რეზოლუცია პირველად 2008 წელს მიიღო (მხოლოდ აფხაზეთთან მიმართებაში) და მას შემდეგ ყოველწლიურად ადასტურებს ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში ნებაყოფლობითი, ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას მხარდამჭერთა რიცხვი 2008 წლიდან მოყოლებული 14-დან 69-მდე გაიზარდა.