პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

ტოომას ჰენდრიკ ილვესმა ირაკლი ღარიბაშვილს დაუდასტურა ესტონეთის მზაობა მნიშვნელოვანი მხარდამჭერის როლი შეასრულოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

მხარეებმა გაფართოებულ შეხვედრაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ესტონეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების თემები განიხილეს

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტს ორი ქვეყნის განსაკუთრებული პარტნიორობის დადასტურებად განიხილავს.

პრემიერმა ტოომას ჰენდრიკ ილვესს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

ხაზი გაესვა ესტონეთთან თანამშრომლობას ელექტრონული მმართველობის სფეროში. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ესტონეთის ექსპერტულ დახმარებას მიესალმება. შეხვედრისას ასევე ორმხრივი ვიზიტები დაიგეგმა.

შეხვედრისას ასევე განსაკუთრებით აღინიშნა ესტონეთის ჩართულობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების, ეფექტური მმართველობის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, სამეწარმეო საქმის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდას ისახავს მიზნად.