მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია ივნისის ბოლოს დაიწყება

მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია ივნისის ბოლოს დაიწყება

ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლის, პლაჟთან მისასვლელი გზის მშენებლობა და რეაბილიტაცია იწყება. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18 500 508 ლარი დახარჯება.

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ეკა ბესელიას ბიუროს ინფორმაციით, ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მოეწყობა შიდა მომსახურების გზა, ღია ავტოსადგომებით. 370 მეტრზე მოხდება საფეხმავლო გზის (ბულვარის) მშენებლობა და მცირე არქიტექტურული ფორმების განთავსება. მთლიანად სანაპირო ზოლზე გათვალისწინებულია გაზის, ელექტროენერგიის, წყლის, საკანალიზაციო კომუნიკაციების გაყვანა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა.

"ფოთელებისათვის დიდი ხნის საოცნებო პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხები საქართველოს პარლამენტში ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას ძალისხმევით ბიუჯეტიდან უკვე მოძიებულია. პროექტი მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობით და თვითმმართველობის თხოვნით საქართველოს მთავრობამ დააკმაყოფილა. ფოთის თეატრის, საპორტული არენების და სხვა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტის შემდეგ მალთაყვის სანაპირო ზოლი იქნება ყველაზე მასშტაბური პროექტი რომელიც ბოლო პერიოდში დასავლეთ საქართველოში განხორციელებულა - გილოცავთ მეგობრებო, ფოთელებო ჩვენს ქალაქში მალე კიდევ ერთი გრანდიოზული პროექტის დასრულებას შევძლებთ",- აცხადებენ ბიუროში.

მალთაყვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები 2015 წლის ივნისის ბოლოს დაიწყება. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.