პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დაღუპული პოლიციელებისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგებით გაიხსნა

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დაღუპული პოლიციელებისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგებით გაიხსნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაცვლილი პოლიციელის, ბექა მარგიშვილის შვილს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ის ღირსეული პოლიციელი გაიზრდება. ბექა მარგიშვილის ოჯახი ქუთაისში, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება. ღონისძიება სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელებისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგებით გაიხსნა. შესრულდა საქართველოს ჰიმნი. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი, მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. შეკრებილებს სიტყვით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა.

"მე მინდა, ყველას მოგილოცოთ პოლიციელთა პროფესიული დღე. მინდა მივულოცო ყველა პოლიციელს, ვინც ღირსეულად ატარა პოლიციელის მუნდირი. მინდა მივულოცო ყოფილ პოლიციელებს, გმირებს, რომლებიც ღირსეულად იცავდნენ ჩვენს სახელმწიფოს. პოლიციელის საქმიანობა მეტად საპასუხიმგებლოა. ეს არის ძალიან რისკიანი საქმე, რომელიც ხშირად ტრაგიკულად სრულდება. მე აქ ვხედავ გარდაცვილილი პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ვაჟკაც შვილს, რომელიც მჯერა, ღირსეული პოლიციელი გაიზრდება. მე მინდა გითხრა პატარა ვაჟკაცო, რომ ღირსეული მამის შვილი ხარ, გმირი მამის შვილი ხარ, მამაშენი გმირია, რომელიც გმირულად დაიღუპა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის. მე ქედს ვიხრი თითოეული გარდაცვლილი პოლიციელის ხსოვნის წინაშე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.