დავით საგანელიძე:   ძნელია ამომრჩეველს აუხსნა, რომ მათ რაიონს აღარ სჭირდება მაჟორიტარი დეპუტატი

დავით საგანელიძე: ძნელია ამომრჩეველს აუხსნა, რომ მათ რაიონს აღარ სჭირდება მაჟორიტარი დეპუტატი

ძნელია ამომრჩეველს აუხსნა, რომ მათ რაიონს პარლამენტში აღარ სჭირდება მაჟორიტარი დეპუტატი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

საგანელიძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა რთული იქნება.

"მხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა საკმაოდ რთულია. ამ წინადადებას ჰყავს ბევრი მომხრე, მაგრამ ჰყავს ბევრი მოწინააღმდეგეც, ვინაიდან აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. იმ წინადადებების ნაწილი, რომლებსაც ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აყენებენ არის ის თემები, რასაც წლების განმავლობაში მე ოპოზიციაში ყოფნის დროს ვაყენებდი და ბუნებრივია, ვრჩები ჩემს პოზიციაზე – მოგეხსენებათ, მე მაშინ მაჟორიტარული ოლქების 75-დან 50-მდე შემცირებაზე, ამის პარალელურად კი პროპორციულის 100-მდე გაზრდაზე ვსაუბრობდი და ა.შ. მიმაჩნია, რომ ეს გარკვეული ეტაპია. ყველაფრის რადიკალურად ერთ დღეში შეცვლა რთულია, ძალიანაც რომ მოინდომო ამას ვერ გააკეთებ, რადგან არავის დაავიწყდეს, რომ როცა მაჟორიტარული ოლქების გაუქმებაზეა საუბარი და გჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამას ხმა უნდა მისცდეს 73-მა მაჟორიტარმა დეპუტატმა. "რაც მე მინდა ის გააკეთე" ,- ასე არაა, რადგან მაჟორიტარი საუბრობს თავისი რაიონის სახელით და თითოეულ მაჟორიტარს ძალიან გაუჭირდება რაიონის ამომრჩეველს უთხრას, რომ მათ აღარ სჭირდებათ პარლამენტში წარმომადგენელი. ეს რთულია. ვიცი, ოპოზიციიდან ხანდახან როგორ ხდება ხოლმე თემების გაჟღერება, მაგრამ მე ჩემს მეგობრებს, კოლეგებს მივმართავ – მოდით, ვიმჯელოთ იმაზე, რაც შესაძლებელია და არა ვთქვათ ის, რაც ვიცით, რომ მაინც ვერ გაკეთდება", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ პროცესში ჩართული მხარეები შეძლებენ საზოგადოებისთვის მისაღები და სწორი რეფორმის გატარებას.

"რეფორმა ყველასთვის მისაღები ვერასდროს ვერ იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შევძლებთ სწორი და საზოგადოებისთვის მისაღები გადაწყვეტილებების მიღებას", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.