საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ გამართულ მე-9 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე, ყურადღება ეროვნული ბანკისათვის საზედამხედველო ფუნქციის შესაძლო ჩამორთმევის თემაზეც გაამახვილა. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"გვჯერა, რომ ქვეყანაში ჯანსაღი და ძლიერი ბიზნესკლიმატი არის მაშინ, როდესაც ნაკლებია პოლიტიკის ჩაბმულობა და მონაწილეობა ბიზნესში. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ბიზნესისთვის დაცული, სტაბილური, პროგნოზირებადი და ხელსაყრელი გარემო. მოულოდნელობები, მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზე დაფუძნებული შეუთანხმებელი გადაწყვეტილებები, სწრაფი ცვლილებები არ წარმოადგენს ამ პროცესის ხელშემწყობ გარემოებას.
ამ თვალსაზრისით, მე მსურს შევეხო ეროვნული ბანკის ფუნქციის ცვლილების საკითხს და აღვნიშნო, რომ არსებობს ბევრი მიზეზი თუ რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს და არ არსებობს კონკრეტული, განსაზღვრული მიზეზი თუ რატომ უნდა შევცვალოთ კანონმდებლობა და არსებული გარემო.
ჩვენ არ მოგვისმენია არცერთი არგუმენტი ამ ცვლილების სასარგებლოდ, გარდა იმ კომენტარებისა, რომ ეს სისტემა ზოგიერთ ქვეყანაში ფუნქციონირებს. შესაძლოა ეს ასეა, მაგრამ სახელმწიფოთა დიდ ნაწილს მსგავსი სისტემა არ აქვს და ვითარებაში, როდესაც ჩვენ ვცდილობთ დავასტაბილუროთ და შევქმნათ ეკონომიკა, ეკონომიკური პროგნოზირების სისტემა და გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის სავალუტო სტაბილიზაციას, ვფიქრობ მსგავსი გადაწყვეტილებები არ მოქმედებს ჩვენი მთავარი მიზნის - ეკონომიკის გაძლიერების სასარგებლოდ", -განაცხადა მარგველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აქტიურად განიხილავენ ამ საკითხს, ასევე მოისმინეს ძალიან გულახდილი და სიღრმისეული კომენტარები ბიზნესსექტორის, ექსპერტების და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებისგან. გიორიგ მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ "ეს ძალიან ღია პროცესი მიგვიყვანს წრფელ დისკუსიამდე და პარლამენტში არ ვიხილავთ კანონს, რომელზეც პრეზიდენტს მოუწევს ვეტოს დადება".
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, დღეს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ გამართულ მე-9 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას სტუმრის სტატუსით დაესწრო.
სავაჭრო პალატის მიერ გამართულ მე-9 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი უძღვებოდა. ასევე მოწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილიც დაესწრო.