გია ვოლსკის განცხადებით, ის რომ ავლაბრის რეზიდენცია გიორგი მარგველაშვილმა დაიკავა, გამომდინარეობდა იმ აუცილებლობიდან, რომ მას და მის აპარატს მუშაობის შესაბამისი საშუალება ჰქონოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ ახლა როდესაც ათონელზე შენობა მზადაა და აღჭურვილია პრეზიდენტის ოფისისათვის, მისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი და მოტივი გაუგებარია .
„მე გაკვირვებული ვარ, რომ ეს თემა საერთოდ წარმოიშვა, საკითხი ძალიან მარტივად დგას, თავიდანვე იყო შეთახმება, რომ მისი რეზიდენცია არ უნდა ყოფილიყო ავლაბრის რეზიდენცია. მისი აზრი იყო, რომ ამ შენობაში არ შეიძლებოდა პრეზიდენტის ყოფნა. შემდგომ იყო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის აპარატს ფართი არ ყოფნიდა და ეს დასახელდა მიზეზად რომ ავლაბრის რეზიდენცია დაეკავა გიორგის. ახლა როცა ათონელზე საერთო შეთანხმების საფუძველზე შენობა დამთავრებულია და მას აქვს პრეზიდენტის ოფისისათვის შესაფერისი ყველა აღჭურვილობა, არის ისტორიული შენობა, რომელიც არ შეიძლება, რომ კერძო მფლობელობაში გადავიდეს, არის უმაღლესი კატეგორიისა და ხარისხის, რომლის აღჭურვასაც პრეზიდენტი და მისი აპარატი თვალყურს ადევნებდა, ამგვარი განცხადებები გასაკვირია. პრეზიდენტი უნდა გადავიდეს ათონელზე და გააგრძელოს თავისი მუშაობა მისთვის მისაღებ გარემოში“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტის მრჩეველის კახა კოჟორიძის განცხადება, რომლის თანახმადაც, ქვეყნის პირველი პირი ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის დატოვებას არ აპირებს, არასწორია.
„რაც შეეხება კახა კოჟორიძის განცხადებას, არასწორი განცხადებაა. ალბათ გიორგიმ თავად უნდა გამოხატოს მოსაზრებები, თუ რატომ არ აპირებს შენობის დატოვებას. საბოლო ჯამში საზოგადოებისთვის უნდა გახდეს ცნობილი, მათ უნდა შეაფასონ მოქმედებები, რომელსაც ქვეყნის უმაღლესი პირები აკეთებენ. მე როგორც საზოგადოების ერთ-ერთ წარმომადგენელს არ მიმაჩნია სწორად, რომ კოჟორიძეს თუნდაც სამართლებრივ საბუთებში მისი ცოდნის, მაღალი კვალიფიკაციის გათვალისწინებით, რაიმე საქმე ჰქონდეს ამ საკითხზე გადაწყვეტილების გახმაურების“, - განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატის მიიჩნევს, რომ აღნიშნული თემა სპეკულაციის საგანი არ უნდა გახდეს და იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„თემა არ უნდა იყოს აწეული მაღალი სპეკულაციების ცენტრში. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება საუბარი და შეკითხვები იმაზე, თუ რატომ აგრძელებს მუშაობას შენობაში, რომელსაც მან სიბოროტის ბუდე უწოდა. იყო არგუმენტი, რომ ეს დროებითი იყო, იმ აუცილებლობიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტს ჰქონოდა საშუალება აპარატის განთავსების და საქმიანობის, გავიგეთ ეს არგუმენტი, რაც ბევრისთვის თავიდანვე მიუღებელი იყო. ახლა როდესაც შენობა ათონელზე მზად არის და აღჭურვილია ყველანაირად პრეზიდენტის ოფისისათვის, ჩემთვის პირადად გაუგებარია მოტივი და პასუხი, რაზეც კოჟორიძე საუბრობს", - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.
გია ვოლსკის თქმით, ავლაბრის რეზიდენციაში შესაძლებელია განთავსდეს კავკასიისთვის მნიშვნელოვანი კულტურის, განათლების ცენტრი.
„შესაძლებელია განთავსდეს ცენტრი, სადაც გამოფენები მოეწყობა, ბიბლიოთეკა განთავსდება, კულტურული საგანმანათლებლო დაწესებულების ფორმა მიეცემა. აქ არ არის უნივერსიტეტზე საუბარი, შენობა უნდა იქცეს მთელი კავკასიის კულტურისა და მეცნიერების ცენტრად. აკუმულაციის და მიღწევების ცენტრად“, - განაცხადა ვოლსკიმ.