ბლატერი უნდა წავიდეს, - ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქემერონმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"არ შეიძლება ორგანიზაციის მიმართ არსებობდეს ამ დონის ბრალდებები კორუფციაში, და პრეტენზია გქონდეს, რომ ადამიანი, რომელიც მართავს ორგანიზაციას, არის შესაფერისი. ცხადია, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ლამაზი თამაშის საშინელი მხარე, ამიტომაც ის უნდა წავიდეს და ეს რაც უფრო სწრაფად მოხდება, მით უკეთესი", - აღნიშნა დევიდ ქემერონმა.
თავის მხრივ ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია კორუფციის დასრულება და გამჭვირვალობა. "ბინძური მხარე, როგორც დევიდ ქემერონმა აღნიშნა, უნდა გაიწმინდოს. ვფიქრობ, ჩვენ ამ მხრივ ვალდებულები ვართ ყველა გულშემატკივრის წინაშე, რომელთა რიცხვი მსოფლიოში მილიონობითაა", - განაცხადა მერკელმა.
შვეიცარიის პოლიციამ ორი დღის წინ ქალაქ ციურიხში ფიფა-ს შვიდი ხელმძღვანელი პირი დააკავა. აშშ-ის საგამოძიებო ორგანოების ცნობით, ისინი ქრთამის სახით ბოლო 24 წლის განმავლობაში 150 მილიონ დოლარზე მეტი თანხის აღებაში არიან ბრალდებულები. პარალელურად, ფიფა-ს ხელმძღვანელების წინააღმდეგ შვეიცარიელმა პროკურორებმაც აღძრეს საქმე. ისინი 2018 და 2022 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის ადგილის არჩევის დროს უკანონო ქმედებებზე საუბრობენ. აღნიშნულ საქმეებში სულ 14 პირი ფიგურირებს, თუმცა, მათ შორის არ არის თავად ფიფა-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი.