სკოლაში ბავშვის ხუთი წლის ასაკიდან მიყვანასთან დაკავშირებულ ინიციატივას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

სკოლაში ბავშვის ხუთი წლის ასაკიდან მიყვანასთან დაკავშირებულ ინიციატივას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

სკოლაში ბავშვების ხუთი წლის ასაკიდან მიყვანასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე პარლამენტმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა უარი. "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის ავტორი და ინიციატორი ოპოზიციონერი დეპუტატი კობა სუბელიანია, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ, მეორე მოსმენით მხარი აღარ დაუჭირა. კობა სუბელიანმა პარლამენტის რეგლამენტის ის მუხლი გამოიყენა, რომელიც მეორე მოსმენით კენჭისყრისას ჩაგდებული პროექტის განმეორებით კენჭისყრას ითვალისწინებს, თუმცა ხელახალ კენჭისყრაზე საკითხი ისევ ჩავარდა. 

"მშობელთა მუდარამდე მისული თხოვნაა – ბავშვებს, რომელთაც წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ეხებათ, სკოლაში წასვლის შესაძლებლობა მისცეთ", - მიმართა კოლეგებს კობა სუბელიანმა კენჭისყრის წინ.

კენჭისყრის დაწყებისას განცხადება გააკეთა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნუკრი ქანთარიამ, რომლის თქმით, სწორედ ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით არც განათლების სამინისტრო და არც კომიტეტი წარმოდგენილ ინიციატივას მხარს არ უჭერს. 

"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, სკოლაში ხუთი წლის ასაკიდან მიყვანის შესაძლებლობა იმ ბავშვებს ეძლეოდათ, რომელთაც ექვსი წელი დეკებრამდე უსრულდებათ.