თინა ხიდაშელი - პრემიერის განცხადება ათონელის რეზიდენციაზე ძალიან ნათელი და გასაგები იყო

თინა ხიდაშელი - პრემიერის განცხადება ათონელის რეზიდენციაზე ძალიან ნათელი და გასაგები იყო

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით "ძალიან ნათელი და გასაგები იყო". 

ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რას ნიშნავს სამართლებრივი მექანიზმები, რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით. 

"არ ვიცი, ამის შესახებ შესაბამის უწყებებს ჰკითხეთ. მე ვფიქრობ, პრემიერის განცხადება დღეს ძალიან ნათელი და გასაგებია, რომ ეს არის სამართლებრივი სივრცე, სადაც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა რეზიდენცია. ის არის მზადყოფნაში, დასრულებულია, ელოდება პატრონს და ახლა უკვე პატრონის გადასწყვეტია მიიღებს თუ არა. სულ ეს არის და მეტი არაფერი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე თუ როგორია მისი პირადი პოზიცია, უნდა გადავიდეს თუ არა პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში, ხიდაშელი აცხადებს, რომ ამ საკითხზე ბევრი კომენტარი აქვს გაკეთებული და ჟურნალისტებს შეუძლიათ ძველი კომენტარებით ისარგებლონ.