ირაკლი ალასანია - თუკი მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დადგა, ეს კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც

ირაკლი ალასანია - თუკი მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დადგა, ეს კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანის განცხადებით, თუკი მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დადგა, ეს ნიშნავს, რომ ღია კარის პოლიტიკა რეალურად არის ნატო-ს ქვეყნების გაფართოების სამომავლო ხედვა. 

ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ პირდაპირ ეთერში კითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომელიც "ფეისბუქში", "თავისუფალი დემოკრატების" ვეგბვერდზე მიმდინარეობს. 

ირაკლი ალასანიამ "ინტერპრესნიუსის" კითხვას უპასუხა, რომელიც ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას შეეხებოდა.

როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, მან ამ კუთხით საკმაოდ ბევრი იმუშავა კოლეგებთან ერთად და იცის, რა მოლოდინები უნდა გვქონდეს რეალისტური. 

"მონტენეგრო არის ქვეყანა, რომელიც შერჩეული იყო თავიდანვე, როგორც შემდგომი გაფართოების ეტაპის ერთ-ერთი ძირითადი ქვეყანა. თუკი მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დადგა, ეს ნიშნავს იმას, რომ ღია კარის პოლიტიკა რეალურად არის ნატო-ს ქვეყნების გაფართოების სამომავლო ხედვა. ეს იქნება კარგი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ უკვე შემდეგ ეტაპზე საქართველო გახდეს გაფართოების ეპიცენტრი და სუბიექტი. ჩვენ, რეალისტურად არ ველოდებოდით, რომ კონკრეტულად საქართველოს გაწევრიანება შემდეგ სამიტზე შეიძლება დადგეს დღის წესრიგში. ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა უკვე უელსის სამიტიდან, რომელიც შესასრულებელი გვაქვს. ეს არის ნატო-საქართველოს პაკეტი, რომელიც განათავსებს აქ ინფრასტრუქტურას, საწვრთნელ ბაზას, კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდება ჩვენი სამხედო და პოლიტიკური სისტემა ნატო-ს სისტემას და ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ შემდეგ ეტაპზე უკვე გაფართოების სუბიექტი გახდეს საქართველო", -განაცხადა ალასანიამ. 

მისივე თქმით, წინასწარ სპეკულაციები შეუძლებელია, მითუმეტეს იმ საფრთხეების გარემოში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა დარწმუნებულია, რომ საქართველოს შემდეგი ეტაპი იქნება უფრო მჭიდრო ინტეგრაციის ეტაპი. 

"საქართველო ამ ეტაპზე გვაღიარეს ერთ-ერთ ყველაზე თავსებად პარტნიორად. საერთოდ ქართული საზოგადოების არჩევანი, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპის ნაწილი, არის ურყევი. ამას ვერავინ ვერ შეცვლის. რაც უნდა სცადონ ჩვენმა არაკეთილმოსურნეებმა, გაასაღონ ისე, თითქოს იზრდება ევროპის მიმართ სკეპტიკოსთა რიცხვი, ეს ასე არ არის. ახალმა თაობამ, ჩვენმა თაობამ, ვისაც 25 წელი გვიცხოვრია უწყვეტად ამ ქვეყანაში, ძალიან კარგად დავინახეთ, სად შეიძლება იყოს გარანტირებული ჩვენი იდენტობა, ჩვენი უსაფრთხოება და ქვეყნის მომავალი. ეს არის ევროპული ოჯახი. არიან ძალები, რომლებიც თვლიან, რომ ეს შეიძლება საბჭოთა კავშირში დაბრუნებით მოხდეს, მაგრამ ეს არის მარგინალური გზა", -განაცხადა ალასანიამ. 

მისივე თქმით, რაც უფრო მივუახლოვდებით ნატო-სკენ გზას, ეს გზა ბევრად უფრო მომთხოვნი იქნება. 

როგორც ალასანიამ აღნიშნა ეს ბუნებრივად ასეა და ეს გზა გაიარეს ევროპულმა ქვეყნებმა, აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის ქვეყნებმა.
"მაგალითი არის, ასე რომ, ჩვენ მჭიდროდ, მყარად და თავდაჯერებულად უნდა ვიაროთ ამ გზაზე", - აღნიშნა ალასანიამ. 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენგბერგმა ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებულ პარტნიორობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს. 

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ალიანსს საქართველოსთან ძალიან ახლო პარტნიორობა აქვს. 

ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე საუბრისას, გენერალურმა მდივანმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტი გაიხსენა და თქვა, რომ ალიანსი მაშინ მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება, თუმცა ნატო-ს გაფართოების შემდეგ ეტაპზე მან პრიორიტეტულ ქვეყანად მონტენეგრო დაასახელა.