ზურაბ აბაშიძე - რუსეთს კიდევ უფრო დიდი საფასურის გადახდა მოუწევს, თუ ცხინვალის შეერთებას გადაწყვეტს

ზურაბ აბაშიძე - რუსეთს კიდევ უფრო დიდი საფასურის გადახდა მოუწევს, თუ ცხინვალის შეერთებას გადაწყვეტს

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის აზრით, რუსეთს კიდევ უფრო დიდი საფასურის გადახდა მოუწევს, თუ ცხინვალის რეგიონის შეერთებას გადაწყვეტს. 

ამის შესახებ აბაშიძემ ჟურნალისტებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი მზადაა რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს. 

"ბატონი თიბილოვი ამას ვერ გადაწყვეტს. რუსეთი საკმაოდ დიდ საფასურს იხდის იმ პოლიტიკისთვის, რასაც ის მეზობელ ქვეყნებში ატარებს. თუ ასეთ ნაბიჯსაც გადადგამს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი საფასური უნდა გადაიხადოს ამან. ეს იქნება მისთვის ძალიან მძიმე ნაბიჯი. ამის თაობაზე, ჩვენ მაქსიმალურად ინფორმირებული და ჩართულები უნდა გვყავდეს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ვინაიდან ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენ გვაქვს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.