ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მოუწოდებს, მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას

ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მოუწოდებს, მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ტენდენციაზე საუბრობს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მოუწოდებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას. 

ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ორი დღის წინ გამოქვეყნდა უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია. 

"გასული წლის განმავლობაში 33 100 სამუშაო ადგილი შეიქმნა. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ აქედან 90% სწორედ კერძო სექტორზე მოდის და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე გეტყვით, რომ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება ექსპორტის დინამიკაშიც. მაღალი ზრდის ტემპი შენარჩუნებულია სოფლის მეურნეობაშიც, ასევე გაზრდილია სასტუმროების და რესტორნების სექტორი, რაც პოზიტიური სიგნალია და ტურისტების მზარდი რაოდენობის შედეგია. ველოდებით, რომ გვექნება კარგი ტურისტული სეზონი. აპრილის თვეში ასევე გვქონდა ეკონომიკური ზრდის ტემპი, თუმცა მონაცემები ჯერ ბოლომდე დაზუსტებული არ არის და არ მინდა წინასწარი კომენტარი გავაკეთო. ეს ყველაფერი გვიმყარებს განცდას, რომ არის პოზიტიური ტენდენცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები აქტიურად მუშაობენ ინვესტიციების მოზიდვაზე და პრივატიზაციის გეგმაზე. 

"მე ვთხოვ ეკონომიკურ გუნდს, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიეწოდოს მოსახლეობას, რომ ეს განცდა, რომელიც რეალურად არის ქვეყანაში, ყველასთვის თვალსაჩინო გახდეს, განსაკუთრებით ბიზნესმენებისთვის და მთელი მოსახლოებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.