როგორც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ აშშ-ს არ სურს ზეპ ბლატერი ხელახლა აირჩიონ პრეზიდენტის პოსტზე, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციონირების უხეში დარღვევაა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, საეჭვოა, რომ „ფიფას“ ირგვლივ ატეხილ სკანდალში ამერიკა ასე აქტიურობს. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვა სახელმწიფოებზეც სურს იურისდიქციის გავლენა.
„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ფიფას“ ხელმძღვანელობიდან ვინმემ რამე დააშავა, მაგრამ ეს აშშ-ს არანაირად არ ეხება. ეს ჩინოვნიკები არ არიან ამერიკის მოქალაქეები. თუ რაიმე დანაშაული მოხდა, ეს არ მომხდარა აშშ-ს ტერიტორიაზე და აშშ-ს ამასთან არავითარი შეხება არ აქვს. ეს კიდევ ერთი აშკარა მცდელობაა იმისა, რომ ამერიკამ თავისი იურისდიქცია სხვა სახელმწიფოებზეც გაავრცელოს და კიდევ ერთი, ეს აშკარა მცდელობაა, რომ არ დაუშვან ბლატერის პრეზიდენტის პოსტზე ხელახალი არჩევა, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის პრინციპის უხეში დარღვევაა“, - განაცხადა პუტინმა.
რაც შეეხება საკითხს, რუსეთის სპორტის მინისტრის დაკითხვას და მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშრებულ საკითხს, რომლითაც შვეიცარიის პროკურატურა დაინტერესდა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „ფიფას“ ირგვლივ ატეხილი სკანდალი რუსეთს არ ეხება“.
შეგახსენებთ, რომ სკანდალი ფიფას მაღალჩინოსნების დაკავებით დაიწყო. შვეიცარიის პროკურატურამ 27 მაისს ორგანიზაციის ორი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები კორუფციის ბრალდებით დააკავა. პროკურატურა მათ 100 მილიონ დოლარზე მეტ თანხას ედავება. დაკავებულთა სიაში არ აღმოჩნდა ფიფას პრეზიდენტი იოსეფ ბლატერი.