სამხრეთ ოსეთის არმია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შეიარაღებულ ძალებთან გაერთიანდება

სამხრეთ ოსეთის არმია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შეიარაღებულ ძალებთან გაერთიანდება

"სამხრეთ ოსეთის არმია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შეიარაღებულ ძალებთან გაერთიანდება", - ამის შესახებ, "იტარ-ტასის" ცნობით, სამხრეთის სამხედრო ოლქის გენერალი, ანდრეი გურულევი აცხადებს.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მოსკოვსა და ცხინვალს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ე.წ ხელშეკრულების ფარგლებში მოხდება.

"ამ ეტაპზე ამ საკითხის რატიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს. შეთანხმების მიხედვით, სამხრეთ ოსეთის არმია რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილი გახდება. მათ ერთიანი წვრთნები ჩაუტარდებათ და ერთ სამხედრო ბრძანებას შეასრულებენ", - განაცხადა გურულევმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამხრეთ ოსეთის ე.წ არმია არ არის მრავალრიცხოვანი, თუმცა, მას მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება შეუძლია, განსაკუთრებით კი ე.წ რესპუბლიკის საზღვრის დაცვა. სამხრეთის სამხედრო ოლქის გენერალი არმიების გაერთიანების ზუსტ თარიღს არ ასახელებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს საკითხი რუსეთის მთავრობის დონეზე უნდა გადაწყდეს.

"სამხრეთ ოსეთის არმიის მთავარ ამოცანას ახლა წარმოადგენს არ დაუშვას საკუთარ ტერიტორიაზე მტრის შემოჭრა და რესპუბლიკის დაპყრობა. ამ ამოცანას მეოთხე სამხედრო ბაზა ასრულებს. მას აქვს შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აგრესია რუსეთის მხარდაჭერის გარეშე მოიგერიოს", - განაცხადა ანდრეი გურულევმა.

რუსეთმა ე.წ სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ე.წ ხელშეკრულებას რამდენიმე თვის წინ მოაწერა ხელი. აღნიშნული შეთანხმება მოსკოვსა და ცხინვალს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთობლივი სივრცის შექმნას ითვალისწინებს.