სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილის, კახი კახიშვილის განცხადებით, სადავო არავის გაუხდია, თუნდაც არასამთავრობოების ანგარიშის განხილვის დროს, რომ სისტემამ გადადგა ძალიან სერიოზული ნაბიჯები რეფორმირების კუთხით.
ამის შესახებ კახი კახიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განუცხადა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენცია მიმდინარეობს, რომლებიც "ქართული ოცნების" მმართველობის ორ წელს აფასებს.
როგორც კახიშვილმა აღნიშნა, ფაქტობრივად, სისტემური რეფორმის იმპლემენტაციის შედეგად მიიღეს ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების უფრო მეტად უზრუნველყოფა სასჯელაღსრულების სისტემაში, მეორე მხრივ კი, სარეჟიმო პირობების დაცვით. მისი თქმით, იმაზე არავინ საუბრობს, რომ პრობლემები არ არის.
"ციხეში სტაბილურობისთვის საჭიროა კარგი მყარი რეგულაციები და ინფრასტრუქტურული პროექტი. რეგულაციები მიღებულია, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ვმუშაობთ. ყოველ შემთხვევაში, ის რაც იყო საზოგადოებამ დაივიწყა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ თუკი რამე კეთდება, კეთდება მხოლოდ ორი მიმართულებით, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, სარეჟიმო პირობების უზრუნველყოფა და ჩვენი თანამშრომლების უფლებრივი მდგომარეობა და სოციალური სტატუსის ამაღლება. ეს კომპონენტები ერთიანობაში, რა თქმა უნდა, სტაბილურობას შეუწყობს ხელს", - განაცხადა კახი კახიშვილმა.
რაც შეეხება ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც საუბარია გარკვეულ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების არ მოხდენაზე, კახიშვილმა აღნიშნა, რომ არც ერთი ადამიანი რომელიც სისტემაში მუშაობს, არ არის არც მინისტრის, არც მისი და არც რომელიმე ადამიანის ახლო ნათესავი, რომ ვინმემ ვინმეს ხელი დააფაროს.
"ჩვენ ჩვენს თანამშრომლებს ყოველთვის დავუდგებით გვერდით, მანამ სანამ ისინი არ გადაუხვევენ კანონს. თუკი, რომელიმე საქმიანობაში სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები შეინიშნება, ჩვენ პირველები ვართ, ვისაც სურს რომ იყოს კანონით სწორი რეაგირება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ციხე არის ციხე, ციხე არ არის სანატორიუმი და ღია კარის დღეს ვერ გამოვაცხადებთ, ამიტომ ერთი მხრივ, ის მექანიზმები, რომელიც არის, მათი მუშაობა უნდა დავხვეწოთ, უფრო მეტად ვუზრუნველყოთ ადამიანის უფლებების დაცვა, მაგრამ მეორე მხრივ, ნურავის ექნება განცდა, რომ სარეჟიმო პირობების ხარჯზე მოხდება ეს ყველაფერი", - განაცხადა კახიშვილმა.