ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს ლევან ბერძენიშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტს კი გელა სამხარაული უხელმძღვანელებენ. კომიტეტების თავმჯდომარეობის ვაკანტურ თანამდებობებზე ბერძენიშვილისა და სამხარაულის კანდიდატურები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დაასახელა.
როგორც საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა განმარტა, გადაწყვეტილება უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღეს.
"პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატურების დასახელება არის ფრაქციების, საპარლამენტო ჯგუფების უფლება, თუმცა თუ შესაბამისი ვადის ამოწურვამდე ეს უფლება არ იქნა რეალიზებული, შემდგომ უკვე პარლამენტის თავმჯდომარეს ენიჭება აღნიშნული უფლებამოსილება. მე ვსარგებლობ ამ უფლებით, მაგრამ არა ერთპიროვნულად - მქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობაში გაერთიანებულ ფრაქციებთან და მათთან მოლაპარაკებების შედეგად შემოვდივარ წინადადებით, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ იქნას გელა სამხარაულის კანდიდატურა, ხოლო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ლევან ბერძენიშვილის კანდიდატურა", - განაცხადა უსუფაშვილმა.
ბერძენიშვილსა და სამხარაულს შესაბამის კომიტეტებში თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობები ეკავათ. მათ შესაბამისად, თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი შეცვალეს.