ფიფა-ს ხელმძღვანელების წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, რუსეთის სპორტის მინისტრს დაკითხავენ

ფიფა-ს ხელმძღვანელების წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, რუსეთის სპორტის მინისტრს დაკითხავენ

რუსეთის სპორტის მინისტრ ვიტალი მუტკოს შვეიცარიაში ფიფა-ს ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკითხავენ. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

დაკითხვა დღეს შვეიცარიის პროკურატურაში გაიმართება. გუშინ შვეიცარიის პოლიციამ ქალაქ ციურიხში ფიფა-ს 7 ხელმძღვანელი პირი დააკავა, მათ ბრალად ედებათ ბოლო 24 წლის განმავლობაში 150 მილიონ დოლარზე მეტი თანხის აღება. პარალელურად, ფიფა-ს ხელმძღვანელების წინააღმდეგ შვეიცარიელმა პროკურორებმაც აღძრეს საქმე. ისინი 2018 და 2022 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის ადგილის არჩევის დროს უკანონო ქმედებებზე საუბრობენ. საბოლოო ჯამში მომდევნო ორი ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნებად რუსეთი და ყატარი შეირჩა.

რუსეთის სპორტის მინისტრმა, ვიტალი მუტკომ განაცხადა, რომ რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ადგილის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით დასამალი არაფერი აქვს და ისინი მზად არიან გამოძიებას ყველა საჭირო მასალა წარუდგინონ.

2018 წლის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად რუსეთი ოთხი წლის წინ შეირჩა, მის კონკურენტებს ამ მხრივ ინგლისი, პორტუგალია და ესპანეთი წარმოადგენდა. რუსეთმა ჩემპიონატის გამართვისთვის 11 ქალაქი შეარჩია: მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, სოჭი, ყაზანი, სარანსკი, კალინინგრადი, ვოლგოგრადი, დონის როსტოვი, ნიჟნი-ნოვგოროდი, ეკატერინბურგი და სამარა. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება.