საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, სამხერდო განათლება მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი პრიორიტეტია.
როგორც ხიდაშელმა თავდაცვის ეროვნული აკადემიის 22 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, შეუძლებელია საქართველომ მოწინააღმდეგეზე რამით გაიმარჯვოს, გარდა ელიტური ჯარისა და განათლებული ახალგაზრდებისა.
"აკადემიის კურსდამთავრებულთა ღვაწლი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განსაკუთრებული და ფასდაუდებელია. პატივი უნდა მივაგოთ ყველა იმ ახალგაზრდას, რომელმაც თავი გაწირა სამშობლოს თავისუფლებისთვის. პირველი იუნკერები, დამოუკიდებელი საქართველოს ოფიცრები, ჩვენი საამაყო წარსულია, რომელზეც ყოველ დღე შეგვიძლია ვისაუბროთ, შესაძლოა ხანდახან თვალზე ცრემლი მოგვადგეს. ყოველთვის ვიამაყებთ იმ ბრძოლით, ვაჟკაცობით, რომელიც თითქმის ერთი საუკუნის წინ პირველმა იუნკერებმა აჩვენეს საქართველოს თავსუფლებისთვის ბრძოლაში. დღეს თქვენ ხართ ეს თაობა, რომელიც უნდა გახდეს ასეთივე ღირსეული წინაპარი, ყველა მომავალი თაობისთვის“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.