მარტოხელა მშობლის არასრულწლოვანი შვილისთვის პასპორტის გაცემის საკითხი ახლებურად დარეგულირდება

მარტოხელა მშობლის არასრულწლოვანი შვილისთვის პასპორტის გაცემის საკითხი ახლებურად დარეგულირდება

მარტოხელა მშობლის არასრულწლოვანი შვილისთვის პასპორტის გაცემის წესში ცვლილებებია. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუკი არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. პარლამენტში განსახილველად წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით კი, ასეთი თანხმობა საკმარისი იქნება, თუ არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი.

"საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებში განიხილეს.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განმარტა, "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" კანონით არასრულწლოვანს, რომელიც საზღვარგარეთ გადის და სჭირდება პასპორტი, სჭირდება მშობლების თანხმობა. მარტოხელა მშობლის შვილს კი, კანონი ეუბნება, რომ ერთი მშობლის თანხმობა არის საკმარისი, მაგრამ როგორც ბარამიძე აცხადებს, კანონში ხარვეზია იმ მხრივ, თუ რა შეიძლება მოხდეს მარტოხელა მამასთან დაკავშირებით, ან ისეთ შემთხვევაში, როცა მარტოხელა მშობელი იქორწინებს და აღნიშნულ სტატუსს დაკარგავს.

"ასეთ შემთხვევაში, ერთი მშობლის თანხმობა საკმარისი აღარ არის, იმის მიუხედავად, რომ არასრულწლოვანს მეორე მშობელი არა ჰყავს", - აღნიშნა ბარამიძემ კანონში დაგეგმილი ცვლილბების მიზეზებზე საუბრისას.

კომიტეტებმა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას მხარი დაუჭირა.