მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციაზე, რომელიც ხელისუფლების მმართველობის ორ წელს ეხება, საქართველოს მთავრობის კომენტარებს წარმოადგენს.
როგორც მაია ცქიტიშვილმა კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობამ საკმაოდ ბევრი გააკეთა საჯარო სამსახურის რეფორმირების პროცესში და ანგარიშში ამ კუთხით გამოთქმულ შენიშვნებს არ იზიარებენ. გარდა ამისა, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, არ იზიარებენ არასამთავრობო სექტორის იმ განცხადებასაც თითქოს ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა და მთავრობას შორის არ არის კოორდინაცია.
"დარწმუნებული ვართ, რომ დღეს ინსტიტუტები მართავენ ქვეყანას და არა კონკრეტული პიროვნებები, როგორც ეს ჩვენ, სამწუხაროდ, გვქონდა. რაც შეეხება კოორდინაციის ნაკლებობას, ვფიქრობთ, რომ კოორდინირებულია მთავრობა, გამართულად მიდის მუშაობა. რა თქმა უნდა, გვინდა რომ კიდევ უკეთესად იყოს ყველაფერი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასეთ შენიშვნას არ ვიზიარებთ", - განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, ზოგადად მთავრობა ძალიან აფასებს არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობას.
"ძალიან ვაფასებ იმ შესაძლებლობას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოგვცეს, რომ ჩვენ განგვეხილა ეს ანგარიში წინასწარ, ვიდრე ეს პრეზენტაცია იქნებოდა. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები და ჩვენც ასევე მოვამზადეთ ეს კომენტარები ამ ანგარიშეზე", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, მთლიანობაში ძალიან დადებითი ტენდენციაა, რომ არასამთავრობოებმა შექმნეს კოალიცია იმისათვის, რომ შეედგინათ ვრცელი ანგარიში. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია დიალოგი არასამთავრობო სექტორსა და მთავრობას შორის, რომელიც მიმდინარეობს.
რაც შეეხება მთავრობის მიერ მომზადებულ კომენტარებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ანგარიშზე, აქ ასახულია ის კომენტარები, რაშიც მთავრობა არ ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციებს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად საქართველოში არაფორმალური მმართველობა რჩება. ამის შესახებ ეკა გიგაურმა სასტუმრო "თბილისში მარიოტში" მიმდინარე მთავრობის ორწლიანი საქმიანობის შესახებ არასამთავრობოების კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არასამთავრობოების ანგარიში არის ძალიან საინტერესო, რადგან აქ საუბარია, როგორც მიღწევებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას მთავრობა დღეს. როგორც გიგაურმა აღნიშნა, მისი ორგანიზაცია მუშაობდა რამდენიმე მიმართულებით.