მე არ ვაპირებ ჩავიცვა ფორმა, ვირბინო ჯართან ერთად ვარჯიშებზე, რადგან სწორედ ეს არის კიდევ ერთი სტერეოტიპი, რომელიც უნდა დავანგრიოთ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია "იმედზე" "ეკა ხოფერიას თოქ შოუში" განაცხადა.
მინისტრმა მის მიმართ არსებულ კრიტიკაზე ისაუბრა და ამ კუთხით რამდენიმე კატეგორია გამოყო.
"იყო რამდენიმე ტიპის კრიტიკა, ერთი იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ამოცანა აქვთ, რომ ყველა და ყველაფერი უნდა აკრიტიკონ, ამიტომ გასაგებია, ამაზე ბევრ დროს ნამდვილად არ დავხარჯავ. იყო აბსოლუტურად გულწრფელი შეშფოთებაც ადამიანებისგან, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი თავდაცვის მინისტრი იყოს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სტერეოტიპების ნგრევისთვისაც ის, რაც მოხდა საქართველოში. არიან ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მინისტრი ვიწრო სპეციალობის ადამიანი უნდა იყოს. საქართველოში იმდენად დიდი არ არის აღქმა და გაგება, რომ მინისტრი - ეს არის პოლიტიკური თანამდებობის პირი რომლის მთავარი ამოცანაა ის, რომ იმ პოლიტიკის მატარებელი უნდა იყო, რომლითაც ესა თუ ის გუნდი მოდის ხელისუფლებაში. ამიტომაც იყო ამ ტიპის კრიტიკა. მე არ ვაპირებ ჩავიცვა ფორმა, ვირბინო ჯართან ერად ვარჯიშებზე, რადგან სწორედ ეს არის კიდევ ერთი სტერეოტიპი, რომელიც უნდა დავანგრიოთ. თავდაცვის მინისტრი ეს არ არის ჯარისკაცი, რომელიც ჯარისკაცების გვერდში ირბენს, ის არის პოლიტიკოსი, რომლის მთავარი ფუნქცია და ამოცანა უნდა იყოს ერთი მხრივ ჯარზე, ჯარისკაცებზე ზრუნვა, ჯარისკაცებისთვის ყოველი დილის გათენება და დაღამება, რომ მათი პირობები მათი მდგომარეობა იყოს უკეთესი, გაუმჯობესდეს და მეორე მხრივ, ეს არის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ქვეყანას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უნდა წარმოადგენდეს დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომლის ხმამაღალი კრიტიკა ისმოდა, ვაჟკაცობაში გაეჯიბრება. "რაც შეეხება ვაჟკაცობის მაგალითებს, ნებისმიერ ჩემს კრიტიკოსს შემიძლია ამაში გავეჯიბრო, არ მახასიათებს ზედმეტი თავმდაბლობა. ჩემი განვლილი 20 წლით ნებისმიერ ადამიანს, რომლის ღია და საჯარო ხმამაღალი კრიტიკა გვესმოდა, გავეჯიბრები ვაჟკაცობაში", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.