ზურაბ აზნაურაშვილი - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოძრაობა

ზურაბ აზნაურაშვილი - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოძრაობა "ივერიაში" არანაირი ფინანსური შემოწმება არ მიმდინარეობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოძრაობა "ივერიაში" არანაირი ფინანსური შემოწმება არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა განუცხადა. 

მისივე ინფორმაციით, მონიტორინგის სამსახურმა ერთი კვირის წინ ორგანიზაციიდან მხოლოდ წესდება გამოითხოვა. ზურაბ აზნაურაშვილი განმარტავს, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით დადგენილია, რომ ყველა ორგანიზაცია, რომელსაც საარჩევნო მიზნები გააჩნია, მონიტორინგსა და ამ კანონით დადგენილ წესებს ექვემდებარება. 
"საარჩევნო მიზანი ორგანიზაციის მიერ მარტის თვეში დაფიქსირდა, რის შემდგომაც ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბატონ ნიკოლოზ რურუასთან და 20 მაისს გავაგზავნეთ წერილი, ვთხოვეთ წესდების წარმოდგენა, რომ დაფიქსირდეს მიზნები და დარეგისტრირდეს ჩვენთან, როგორც საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაცია, რადგან "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით ვალდებულებაა, რომ საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის ფინანსები საჯარო უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენ მათ მივმართეთ, რომ გვითხრან მართლა აქვთ საარჩევნო მიზანი თუ არა და გვაჩვენონ წესდება. ჯერჯერობით შემოწმება ვერ იქნება, რადგან ფინანსური ინფორმაცია არ გვაქვს. მათ უნდა მოგვაწოდონ ფინანსური ინფორმაცია, თუ აქვთ ეს მიზანი. ეს მიდგომა არის ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ. ჩვენთვის ძალიან უცნაურია, რომ ეს მოხდა დღეს, როდესაც წერილი ერთი კვირის წინ გავაგზავეთ. მიგვაჩნია, რომ გათვლილი არის მხოლოდ პიარზე და უკავშირდება პოლიტიკურ მიზნებს", - აღნიშნა ზურაბ აზნაურაშვილმა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზოგადოებრივ მოძრაობა "ივერიაში" სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევიდა, რომელიც ორგანიზაციის ფინანსურ საქმიანობას სწავლობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განუცხადა, აუდიტის სამსახურს ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის შესწავლის სრული უფლება აქვს, თუმცა დრო საეჭვოდ არის შერჩეული. 

"გუშინ ვთქვით, რომ არჩევნებისთვის ვემზადებით და შემოვიდა აუდიტის სამსახური, რაც ერთმანეთს ემთხვევა. შეამოწმონ, ამის უფლება აქვთ. ორგანიზაციას დიდი ფინანსური აქტივობები არ აქვს", - აღნიშნა ვაშაკიძემ.