„დასაქმების მაჩვენებელი როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფო სექტორის მაჩვენებლის ხარჯზე გაიზარდა“

„დასაქმების მაჩვენებელი როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფო სექტორის მაჩვენებლის ხარჯზე გაიზარდა“

საქართველოში უმუშევრობის შემცირებასთან დაკავშირებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს ეკონომიკის საკითხებში ექსპერტები დადებითად აფასებენ.

ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ კი "პირWელთან" საუბრისას აღნიშნა, რომ თვითონ სტატისტიკური მონაცემები პოზიტიურია, თუმცა ამ 2%-იანი გაუმჯობესებით თავის დამშვიდების უფლება არც ხელისუფლებას აქვს და არც საზოგადოებას.

„თვითონ ტენდენციის მაჩვენებელი რეალურია, მაგრამ თვითონ უმუშევრობის დონეს ეს ციფრი რამდენად ასახავს - მეორე საკითხია. ჩვენ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს თვითდასაქმებულების და გამოქვეყნებული მონაცემებით, მათი რიცხვი 60 %-ზე მეტია საერთო ჯამში. ეს დაახლოებით ოთხჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მთლიანად ევროპაში. თვითდასაქმებულების დიდი კონტიგენტი პირველ რიგში სოფლის მეურნეობაში არიან, ესეც სერიოზულად ამცირებს უმუშევრობის დონეს იგივე სოფლად. რეალურად თუ მივუდგებით საკითხს, პრობლემა ძალაშია. სამუშაო ადგილების სიმცირის გამო მოტივაცია ქვეყნიდან შრომითი მიგრანტების გასვლისა ისევ მაღალია, ამიტომ ამ 2%-იანი გაუმჯობესებით, რომ იტყვიან თავის დამშვიდების უფლება არც ხელისუფლებას აქვს და არც საზოგადოებას. რეალურად, უმუშევართა რიცხვი გაცილებით უფრო მეტია და აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით არანაკლებ 40-45% მაინც უნდა იყოს“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე თვლის, რომ საქართველოში უმუშევრობის დონის შემცირება და ბოლო 11 წლის მანძლზე ყველაზე დაბალ ნიშნულამდე მიღწევა პოზიტიური ინფორმაციაა.

„დასაქმების მაჩვენებლის ზრდა როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფო სექტორის მაჩვენებლის ხარჯზე მოხდა. ბუნებრივია, პოზიტიური მონაცემია. სახელმწიფო სექტორში დასაქმების ზრდა გამოწვეულია ძირითადად 2014 წელს სახელმწიფო აქტივობაზე ორი მიმართულებით. ერთი არის არჩევნებთან დაკავშირებული თემა და პროგრამა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობდა და მეორეა საყოველთაო აღწერა და ამ პროცესში სახელმწიფოს მხრიდან დასაქმებულთა ჩართულობა. სახელმწიფოს მხრიდან დასაქმების მაჩვენებლის შემცირებას ველოდები 2015 წლიდან, რადგან არჩევნებიც და აღწერაც პრინციპში ერთჯერადი იყო. გამორიცხული არაა ამ მხრივ შემცირება დაფიქსირდეს. მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკისთვის ყველაზე მთავარი და სენსიტიური დარგი - კერძო სექტორი აფიქსირებს ზრდას. შეიძლება ეს გამოწვეული იყოს პროგრამებით, რომელიც ინიცირებული იყო სახელმწიფოს მხრიდან, ანუ სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი პროგრამების გააქტიურების თვალსაზრისით. ბუნებრივია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და ფონს ვართ გასულები. ამ მიმართულებით ძალიან ბევრია სამუშაო და მინდა, რომ 2015-1016 წლის სტატისტიკურ მონაცემებში კერძო სექტორის კომპონენტი იყოს შენარჩუნებული და თუ ზრდა იქნება, ძალიან კარგი. ის, რომ სახელმწიფო სექტორში ზრდა ფიქსირდება, ჩავთვალოთ, რომ ეს ერთჯერადია და არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს ბიუროკრატიული აპარატის ზრდა მოხდა და შენარჩუნდება მომავალში. უნდა ვეცადოთ, რომ სახელმწიფოს ხვედრითი წილი და სახელმწიფო სექტორის მონაწილეობა დასაქმების სფეროში შევამციროთ და ვუზრუნველყოთ კერძო სექტორის ხვედრითი წილის როგორც მინიმუმ შენარჩუნება, საუკეთესო შემთხვევაში ზრდა“, - განუცხადა კალანდაძემ „პირWელს“.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონემ ბოლო 11 წლის მანძლზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და 2014 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2013 წელთან შედარებით 2.2 პროცენტით შემცირდა.