ბიზნესასოციაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, მოგების გადასახადის გაუქმებაზე მუშაობა დააჩქაროს

ბიზნესასოციაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, მოგების გადასახადის გაუქმებაზე მუშაობა დააჩქაროს

საქართველოს ბიზნესასოციაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, მოგების გადასახადის გაუქმების საკითხზე მუშაობა დააჩქაროს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ სასტუმრო "რედისონში" განუცხადა, სადაც ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას შეხვდნენ.

"ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა რამდენჯერმე დააფიქსირა და ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მოგების გადასახადი გაუქმდეს. ჩვენ ვიცით, რომ პარლამენტის წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ამაზე ძალიან აქტიურად მუშაობენ. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს დააჩქარონ ამ კანონზე მუშაობა, ეს ძალიან სერიოზულ ბიძგს მისცემს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას", - განაცხადა ჭირაქაძემ.

როგორც ბიზენსასოციაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, სჯობს, დრო დაიხარჯოს ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს, ვიდრე ისეთ კანონებზე, რომელიც "რეალურად უკან გადაგმულია ნაბიჯია". როგორც ჭირაქაძემ აღნიშნა, მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით მათ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზეც ისაუბრეს.

"ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლება ამ თემას პოზიტიურად უყურებს, ვიცით პრობლემების შესახებაც, რადგან მოგების გადასახადის გაუქმება იწვევს ხელისუფლებისთვის დამატებითი რესურსების მოძიების, სხვა არხების გამოძებნის შესაძლებობას. ეს რომ მარტივი არ არის, ბატონმა გიორგი გახარიამ აგვიხსნა და გვესმის, მაგრამ ჩვენ მკაფიო პოზიცია გვაქვს, რომ დღეს არის დრო, მოხდეს ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება, რომ ქვეყანაში ეკონომიკა გამოცოცხლდეს, ახალი ინვესტიციები უფრო მეტად წამოვიდეს, ინვესტორებს სურვილი გაუჩნდეთ, რომ ქვეყანაში მეტი ინვესტიციები განახორციელონ", - აღნიშნა ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი თემაა საპენსიო რეფორმა, თუმცა უკვე მრავალი წელია, მისი გადადება ხდება. როგორც ჭირაქაძემ განაცხადა, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იყო ეს ბოლომდე მიყვანილი, თუმცა, სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ ამ რეფორმის განხორციელება გადადო.