გიორგი ჭირაქაძე:    საბანკო სექტორთან თამაში არ შეიძლება

გიორგი ჭირაქაძე: საბანკო სექტორთან თამაში არ შეიძლება

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე ყველას, მათ შორის პარლამენტის წევრებს, მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ძალიან ფრთხილად მოეკიდონ ისეთ სექტორს, როგორიც საბანკო სექტორია.

ამის შესახებ გიორგი ჭირაქაძემ სასტუმრო "რედისონში" საქართველოს ბიზნესასოციაციასა და ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას შორის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას და მის ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ბიზნესასოციაციებმა პოზიცია უკვე დააფიქსირეს და ეს იყო არა მარტო საქართველოს ბიზნესასოციაციის, არამედ მთლიანად ქართული მსხვილი ბიზნესგაერთიანებების პოზიცია.

"ჩვენ ვდგავართ იმ პოზიციაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ნებსმიერი კანონი გამოდის და ხდება ინიცირება, განსაკუთრებით რომელიც ეხება ქვეყნის ეკონომიკას, რომ მასში ბიზნესგაერთიანებები, ბიზნესმენები იყვნენ ჩართულები. ჩვენ არ უნდა ვიგებდეთ ამის შესახებ ერთი საათით ან ორი საათით ადრე, რომ ასეთი კანონის ინიცირება ხდება. ეს ყველასთვის უკეთესია, როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ასევე ბიზნესისთვის", - განაცხადა ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა კომენტარი, რომ აღნიშნულ პროცესში ბიზნესის ჩართვა მოხდება. გიორგი ჭირაქაძემ აღნიშნა, რომ ისინი აუცილებლად ჩაერთვებიან აღნიშნულ პროცესში, კრიტიკულ პოზიციას დააფიქსირებენ და ახსნიან თუ რატომ ფიქრობენ ასე.

ჭირაქაძის თქმით, საქართველოში საბანკო სექტორი დღეს გამართულად მუშაობს, გაცილებით გამართულად, ვიდრე ბევრ სხვა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

"ძალიან ცუდია ასეთ სექტორს შეეხო, რადგან საბანკო სექტორზე ჩამოკიდებულია მთელი ჩვენი ეკონომიკა, მიუხედავად იმისა, ვის მოსწონს ბანკი, ვის არ მოსწონს, რა პრობლემებია საბანკო სექტორში. საქართველოს საბანკო სექტორი არის გარანტია ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის. როგორც კი ჩვენ ვიწყებთ თამაშს ეკონომიკური მდგრადობის გარანტიის კომერციულ ორგანიზაციებთან, არის რისკი, განსაკუთრებით, როცა ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საერთაშორისო ინვესტორების არიან ინვესტორები ქართულ საბანკო სექტორში. განსაკუთრებით ისეთ მსხვილ ბანკებში, როგორიცაა "საქართველოს ბანკი" და "თიბისი ბანკი". ეს ორივე ბანკი ივაჭრება საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე. ნებისმიერი განცხადება, კრიტიკა, იწვევს იმ ინვესტორების მოტივაციის შეცვლას და ქვეყნიდან გადინებას, მათთვის ძალიან მარტივია, რომ აქციები უცბად გაყიდონ", - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა მოუწოდა ყველას, მათ შორის პარლამენტის წევრებს, მთავრობის წარმომადგენლებს, რომ ძალიან ფრთხილად მოეკიდონ ისეთ სექტორს, როგორიც საბანკო სექტორია.

"საბანკო სექტორთან თამაში არ შეიძლება. მესმის, რომ განსხვავებული პოზიციებია, მოსაზრებებია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ დავინახოთ, რომ საბანკო სექტორი განსაკუთრებული სექტორია, რომელსაც ყველა ძალიან ფრთხილად უნდა მოვექცეთ", - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.