თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითხოვს

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითხოვს

როგორც თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი აცხადებს, საბანკო სექტორს მონიტორინგი პარლამენტმა უნდა გაუწიოს.

"ჩვენი აზრით, საბანკო ზედამხედველობის ინსტრუმენტის გამოტანა ეროვნული ბანკის მფლობელობიდან და მისი გადაცემა პარლამენტისთვის შექმნილ ვითარებაში მიზანშეწონილია, რადგან ეროვნული ბანკი ვერ ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ამ შემთხვევაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას და ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნებას", - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

ამასთან, როგორც თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე აცხადებს, ეროვნული ბანკი ვერ ახორციელებს მასზე დაკისრერბულ მოვალეობას.

"ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ეროვნული ბანკიდან, პრაქტიკულად შეუძლებელია ინფორმაციის მიღება, ეს ეხება როგორც საბანკო ზედამხედველობის საკითხს ასევე, ეხება ლარის გაუფასურების საკითხს. დღემდე პასუხგაუცემელია ის კითხვები თუ რამ გამოიწვია და რა განაპირობებს დღემდე ასეთ რყევით გაუფასურებას",-განაცხადა ანგურიძემ.

შეგახსენებთ, რომ  ეროვნული ბანკს საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი, შესაძლოა, დამოუკიდებელ იურიდიულ პირად ჩამოყალიბდეს. ინიციატივა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თამაზ მეჭიაურს ეკუთვნის. საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მზადაა. მეჭიაურის თქმით, ახალი სამსახურის 6 წევრს პარლამენტი შეარჩევს, მეშვიდე კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება. დეპუტატის თქმით, ცვლილების მიზანი ეროვნული ბანკის დეპოლიტიზებაა, რადგან ახლა ბანკს ყოფილი ხელისუფლების პროკურორები მართავენ.