ზეპ ბლატერი და ჟერომ ვალკე ციურიხში დაკავებულთა საქმეში არ ფიგურირებენ

ზეპ ბლატერი და ჟერომ ვალკე ციურიხში დაკავებულთა საქმეში არ ფიგურირებენ

ფიფა-ს პრეზიდენტი, ზეპ ბლატერი და გენერალური მდივანი ჟერომ ვალკე 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატის ადგილის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით აღძრულ საქმეში არ ფიგურირებენ. ამის შესახებ ფიფა-ს პრესსპიკერმა, ვალტერ დე გრეგორიომ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ზეპ ბლატერი თანამდებობიდან გადადგეს.

ბლატერი ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტს 1988 წლის შემდეგ იკავებს. იგი პარასკევს, 29 მაისს ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში კიდევ ერთხელ მიიღებს მონაწილეობას. მის კონკურენტს იორდანიის პრინცი და იორდანიის ფეხბურთის ოფიციალური წარმომადგენელი, ალი ბინ ალ-ჰუსეინი წარმოადგენს.

დღეს დილით შვეიცარიის პოლიციამ ქალაქ ციურიხში ფიფა-ს ექვსი ხელმძღვანელი პირი დააკავა. მათ შორის არიან ვიცე პრეზიდენტები - ჯეფრი ვები და ეუხენიო ფიგერედო, ასევე კოსტა-რიკას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ედუარდო ლი და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხოსე მარია მარინი. მათი შვეიცარიიდან აშშ-ში ექსტრადირება განხორციელდება.

დაკავებულებს ბრალად კორუფციასა და ქრთამის აღებაში ედებათ. აშშ-ის საგამოძიებო უწყებების ცნობით, 1990-იანი წლების შემდეგ ლათინურ ამერიკაში ფეხბურთის ჩემპიონატებისთვის 100 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღეს. გამოძიება საუბრობს ასევე 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების ჩატარების ადგილის არჩევის დროს ჩადენილ უკანონო ქმედებებზეც, რა დროსაც მომდევნო ორი ჩემპიონატის ჩატარების ადგილად საბოლოოდ რუსეთი და ყატარი შეირჩა.